ტესლას კომპანიის მარკეტინგი და ახალი მოდელები

“ნუ შეგეშინდება, შეწყვიტო კარგი და დაიწყო დიდებული” – ამბობდა ჯონ როკფელერი, ამერიკელი ბიზნესმენი და მსოფლიოს პირველი მილიარდერი. ამ სტატიაში სწორედ იმ კომპანიას განვიხილავთ, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, გენიოსის ხელმძღვანელობით, შეძლო და ამოაყირავა სტრატეგიები ინდუსტრიაში, რომელიც წლების მანძილზე მართალია ვითარდებოდა, მაგრამ არა რევოლუციონერულად. საუბარი გვაქვს ავტო ინდუსტრიაზე, კომპანია კი რომელიც მსოფლიო ბაზარზე საკუთარი სტანდარტებით შევიდა არის ტესლა, ილონ მასკის ხელმძღვანელობით.

კომპანია “ტესლა” დაფუძნდა 17 წლის წინ, 2003 წლის ივლისში, სილიკონ ველის ინჟინრების მიერ, რომლებსაც სურდათ შეეცვალათ ელექტრო ავტომობილების მსოფლიოს აღქმა და სურდათ ელექტრომობილები სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად ექციათ. “ტესლა მოტორსის” სახელით, დაფუძნების ადგილი კი კალიფორნიის ქალაქი პალო-ალტოა. აქვე ლოგოზე, რომელიც საკმაოდ დახვეწილი სტილითაა წარმოდგენილი, T წარმოადგენს კომპანიის სახელის პირველ ასოს, მოიცავს ჯავშნიან ფარს, რაც ლოგოს თანამედროვეს ხდის და ბრენდის მაღალ დონეს, დაცულობასა და გამძლეობას უსვამს ხაზს. ლოგოტიპის ყველა დეტალი სტილს, ელეგანტურობას და ინოვაციას წარმოადგენს.

გავაგრძელოთ კომპანიის ისტორიაზე საუბარი. მიუხედავად ოფიციალური თნამდებობების ცვლისა, ელონ მასკი თავიდანვე იყო კომპანიის მეთაური და მისი პროდუქტების მთავარი დიზაინერი. ასევე კომპანიას დაფინანსების ადრეულ ეტაპზე შემოუერთდნენ: ჯეფრი ბრაიანი, შტრობელი და იან რაიტი. საინტერესოა, რომ მისი ამჟამინდელი მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ოფიციალური ვერსიით თავდაპირველ დამფუძნებლად არ ითვლება. კომპანიის ოფიციალური დამფუძნებლები ბიზნესმენები მარტინ ებერჰარდი და მარკ ტრაპენინგი არიან. თუმცა, ცნობილია, რომ კომპანიის დასაარსებლად გამოყენებული თანხის 98% სწორედ ილონ მასკის მიერ იყო ინვესტირებული. იგი თავდაპირველად კომპანიის საქმიანობაში ჩაერთო როგორც ბორდის თავმჯდომარე და ტესლას პირველ აღმასრულებელ დირექტორად მარტინ ებერჰარდი წარადგინა. მიუხედავად ამისა, თავად კომპანია ამ უკანასკნელთ თანადამფუძნებლებად მიიჩნევს.

კომპანია ტესლამ ფუნქციონირება საკმაოდ საინტერესო და სარისკო სტრატეგიით დაიწყო, კერძოდ, მათ გადაწყვიტეს ბაზარი საკმაოდ ძვირადღირებული ელექტრომობილებით აეთვისებინათ. მათი პირველი მოდელი „Roadster”-ი მცირე ზომის, თუმცა ფუფუნების კატეგორიაში არსებული ავტომობილი იყო. ბაზარზე პირდაპირ საკმაოდ ძვირიანი პროდუქტით შესვლა უდიდეს რიკებთანაა დაკავშირებული და დიდ გამბედაობას მოითხოვს. კომპანია ტესლას კი ილონ მასკის ხელმძღვანელობით ეს გამბედაობა და მომავალზე გათვლილი სტრატეგიის წარმოების შესანიშნავი უნარი აღმოაჩნდა.

“Roadster” ის წარმოება არ მიმდინარეობდა მასობრივად, მხოლოდ 500 ერთეული წელიწადში.თუმცა ამ მოდელმა დაამსხვრია უდიდესი სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ელექტრომობილი არ შეიძლება ყოფილიყო მოდური, სწრაფი, კარგი ვიზუალის მქონე და მოსახერხებელი, რომელიც დაფარავდა დიდი დისტანციის მანძილს. “Roadster”-ს ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან ყველაფერი გააჩნდა.

ამ სტერეოტიპის დამსხვრევამ და „Roadster“-ის საკმაოდ დიდმა მოთხოვნადობამ კომპანია „ტესლას“ და ილონ მასკს საშუალება მისცა ბაზრის უფრო მეტი წილის ასათვისებლად გაყიდვაში ჩაეშვათ უფრო მეტად მასობრივი წარმოების მოდელები როგორებიცაა: „MODEL S“, „MODEL 3“, “ MODEL X“ და „MODEL Y“. ტესლა მოტორსის ყველაზე გავრცელებულ და შესაბამისად გაყიდვად ელექტრომანქანას წარმოადგენს ტესლა მოდელ ესი (Tesla Model S). იგი წარმოადგენს ე.წ. „ფუფუნების“ (Luxury) კლასის სედანის ტიპის ელექტრომობილს. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2012 წელს. ელექტრომობილი ტესლა მოდელ ესი არის მეორე ელექტრომობილი ტესლა როუდსტერის შემდეგ, რომლის წარმოებაც დაიწყო ტესლა მოტორსმა. თუმცა ტესლა როუდსტერისგან განსხვავებით, მოდელ ესი წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ერთადერთ, მაღალი კლასის ელექტრომობილს, რომელმაც მიაღწია გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს. ამჟამად, ტესლა მოტორსი გვთავაზობს ტესლა მოდელ ესი-ს 6 ვერსიას, ესენია (ფასისა და შესაძლებლობის ზრდის მიხედვით): ტესლა მოდელ ესი 60, ტესლა მოდელ ესი 60D, ტესლა მოდელ ესი 75, ტესლა მოდელ ესი 75D, ტესლა მოდელ ესი 90, ტესლა მოდელ ესი P100D. ფასი მერყეობს 68 000 აშშ დოლარიდან 158 500 აშშ დოლარამდე.

ტესლა მოტორსი სპორტული ტიპის მანქანის “Roadster”-ის წარმოებიდან გადაერთო უფრო მეტად მოთხოვნად და კომპაქტური სტილის მანქანებზე, როგორიცაა სედანი და კომპაქტი. თუმცა კომპანიამ თავის ახალ მოდელებშიც შეინარჩუნა ის თვისებები თუ მახასიათებლები, რასაც მომხმარებელი “Roadster”-ში აფასებდა.

ამ ყველაფრის შედეგად, ტესლა უბრალო, ჩვეულებრივი სტარტაპერიდან გადაიქცა ერთ-ერთ ყელაზე დიდ, ამერიკულ, ავტომწარმოებელ კომპანიად, რომლის ხალხში ცნობადობამ უმაღლეს დონეს მიაღწია.

სულ ახლახანს ტესლამ დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, აშშ-ში Model 3-ის $35 000-იანი ვარიანტის გაყიდვა დაიწყო. ამჟამად კომპანია Model 3-ის რამდენიმე სხვადასხვა ვერსიას ყიდის. ამ დრომდე, ყველაზე დაბალფასიანი მოდელი $42 900-დან იწყებოდა.

ამიერიდან Model 3-ის სტანდარტული ვარიანტის ფასი $35 000 იქნება, მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 210 კილომეტრი იქნება, ნულიდან ასამდე ასაჩქარებლად კი მას 5,6 წამი სჭირდება. ერთი დატენვით მანქანას 354 კილომეტრის გავლა შეუძლია. ტესლა ასევე ანახლებს გაძლიერებული ელემენტის მქონე მოდელსაც, რომლის ფასიც $37 000-დან იწყება, ის ერთი დატენვით 386 კილომეტრს ფარავს.

ჩვენ უკვე განვიხილეთ ტესლას რამდენიმე ცნობილი მოდელი, რომელზე მოთხოვნაც იმდენად დიდია, რომ წინასწარი შეკვეთები თვეებით ადრე კეთდება. ალბათ ჩნდება კითხვები – რატომ? რა არის უნიკალური? – პასუხი ასეთია:

  • ტესლას ფირმის ელექტრომობილები არ საჭიროებენ საწვავს, შესაძლებელია მათი სახლში დატენვა, ან ტესლას სადგურებში სრულიად უფასოდ და, რაც უმნიშვნელოვანესია, არ ანაგვიანებს გარემოს;
  • მთლიან დატენვას სულ რაღაც 2 საათი სჭირდება, სუპერჩარჯერის ქსელით კი 20 წუთი;
  • ერთი დატენვით შესაძებელია მინიმუმ 265, მაქსიმუმ კი 630 კილომეტრის გავლა( 630 კმ-ის დაფარვას მხოლოდ მოდელ S შეძლებს, პროგრამული განახლების წყალობით)
  • აქვს 8 წლიანი გარანტია;
  • ელექტრო ძრავა უხმოა და ერთ-ერთი აეროდინამიკული მანქანაა, შესაბამისად, ნაკლებია გზის და ქარის ხმები;
  • სამუხრუჭე ხუნდები საჭიროებს იშვიათ განახლებას, რადგან რეგენერირებადი მუხრუჭებითაა აღჭურვილი.

ეს და სხვა მრავალი დეტალი ტესლას ფირმის ავტომობილებს უნიკალურს და მოთხოვნადს ხდის.

საინტერესო სიახლეა, რომ „აიქარ“-ის წყალობით, ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ხელმისაწვდომია ტესლა მოდელი 3.

ეს მოდელი უკვე თბილისში,აიქარის გაზიარების სერვისშია და შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას უკვე სულ მცირე 2 წელია ფლობს, შეუძლია ამ სერვისით ისარგებლოს. დღეისათვის კომპანია ტესლა არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ მანქანათწარმოებით, ის ქმნის მზის ბატარეებს, რაშიც წამყვანი როლი უკავია მსოფლიო ბაზარზე. აქვე გეტყვით, რომ თავიდან კომპანია თავის მზის ბატარეებს მოსახლეობას უფასოდ უყუნებდა სახლის სახურავებზე, პოპულარიზაციისათვის. ესეც მასკის ერთ-ერთ არაჩვეულებრივი მარკეტინგული გათვლაა, რომელიც წარმატების ერთ-ერთი საწინდარი გახდა.

ვინაიდან მივადექით მარკეტინგის თემას, მოდით, ვისაუბრონთ კომპანია ტესლას მარკეტინგულ სტრატეგიებზე, რომელიც საკმაოდ საინტერესო, განსხვავებული და, თამამად შეიძლება ითქვას, გენიალურია. ეს უკანასკნელი მთლიანად ელონ მასკის იდეებს ეფუძვნება.იგი თავად არის ფირმის ხარისხი სახე და მარკეტინგის არაოფიციალური ხელმძღვანელიც. მან მოახერხა და შექმნა უძლიერესი კომპანია რეკლამების გარეშე. როგორც თავად ამბობს: „მაღაზიები არის ჩვენი რეკლემა. ფასიანი რეკლამა კი შეიძლება იყოს ის, რასაც მომავალში გავაკეთებთ – წლების შემდეგ, მაგრამ არა ახლა“. თანამედროვე სტივ ჯობსად წოდებულ მასკს თავისი მარკეტინგული პრინციპები გააჩნია, რის მიხედვითაც მან ტესლას ფირმა ზეწარმატებული და სხვებისთვის მისაბაძი გახადა. სწორედ მასკის რევოლუციონერული სტრატეგიული სისტემა იყო მთავარი გარანტი იმ ინდუსტრიის ცვლილებისა, რომლის ტრანსფორმირებაც წლების მანძილზე არა ერთმა დიდმა კომპანიამ უშედეგოდ სცადა.

ჩნდება კითხვა თუ რაში გამოიხატება ინოვაცია, პასუხი ასეთია: ტესლა არ იყენებს სადილერო სისტემას, არ ჰყავს გაყიდვების მენეჯერი, არ ჰყავს ოფიციალური მარკეტინგის მენეჯერი, ქმნის ახალ ბრენდებს ნულიდან, ყიდის ავტომობილებს, რომელთა ფასი 60 000-100 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, არ არსებობს ფასდაკლების სისტემა, ავტომობილების შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, წინასწარი შეკვეთებით.

„დაე, მედიამ გააკეთოს მარკეტინგი თქვენთვის, თუ მედია საშუალებას მისცემ საინტერესო ამბავს, ისინი დაგაჯილდოვებენ უფასო რეკლამირებით“, ამბობს მასკი. არსებული სტრატეგია მარკეტინგში ცნობილია და მას ქვია – EARNED MEDIA MARKETING.

იგი ასევე მოგვიწოდებს სისწრაფისაკენ, როცა საქმე თვითრეკლამირებას ეხება. თავად საკმაოდ ქარიზმატული პიროვნებაა,ამასთან გონიერი და გულწრფელი. ის ღიად და გახსნილად საუბროს საკუთარ შიშებზე და წარუმატებლობებზე ინტერვიუებში, მისი დამოკიდებულება და გრძნობები კი მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართ გადამდებია. ელონ მასკი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიონალური ინტერვიუებით,მან შეასრულა მცირე როლი ფილმში – „Iron Man”, სადაც მთავარი გმირი, რომელსაც რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს, ელონის პროტოტიპია. ელონ მასკმა ასევე მცირე როლი შეასრულა სერიალ “Big Bang Theory”-ში.

სოციალური ქსელების მნიშვნელობა მარკეტინგში კარგად ცნობილია. განსაკუთრებით Instagram-ს მარკეტერის „ბრძოლის ველსაც“ კი უწოდებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კარგი მარკეტინგი აქ არ მოითხოვს მილიონობით დოლარის გადახდას ან ძვირადღირებული ინფლუენსერების დაქირავებას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქიზი მიდგომაა გავლენის მოსახდენად სწორ სამიზნე აუდიტორიაზე. ტესლამ ეს შეძლო.რა არის იმაზე კარგი, თუ სრულიად სხვა სამყაროს ავტომანქანას მართავთ, რომელშიც ვიდეოთამაშებიცაა? Tesla Motors-მა, Vector Unit-ის პროგრამისტებთან ერთად სწორედ ეს გააკეთა − Tesla-ს ავტომობილებში ამ კომპანიის თამაშების −Beach Buggy Racing 2-ის ინტეგრაცია მოახდინა. სარეკლამო ვიდეორგოლი Tesla-ს Instagram-ზე აიტვირთა და თითქმის ორი მილიონი ნახვა ჰქონდა. ეს ეპიზოდი ნათლად ადასტურებს, რომ შესაფერისი პარტნიორები უნდა მოძებნოთ, რომლებიც საშუალებას მოგცემენ ადვილად დაადგინოთ ალტერნატიული აუდიტორია და მასზე გააკეთოთ გათვლა.

“იოცნებე, რადგან რეალობის შელამაზებით შენ ამ რეალობას ცვლი!” – გვეუბნება ელონ მასკი – კაცი, რომელიც ელექტრომანქანების სერიულ გამოშვებაზე ოცნებობდა და ეს ოცნება აიხდინა. ახლა კი დარწმუნებულია, რომ 20 წელიწადში ყველა მანქანა ელექტრონული გახდება და მზადაა ამისთვის ნიძლავიც ჩამოვიდეს.

ელონ მასკი ნათელი მაგალითია იმისა, რომ წარმატების მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია თუ გაქვს მიზანი და ინოვაციური სტრატეგია. მთავარი ისაა, რომ არასდროს უნდა გეშინოდეს გარისკვის, თუ არ გარისკე სამყაროსაც ვერ შეცვლი. სწორედ რისკიანი ნაბიჯებით, ინოვაციური სტრატეგიებითა და თავდაუზოგავი შრომით მოახერხა მასკმა შეექმნა წარმატებული ბიზნესი, რომელიც დღეს ზემოთხოვნადია და რომელიც არა ერთ სიახლეს გვპირდება მომავალში.

ავტორები: დავით კობიძე, გიორგი ჩუბინიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა