ნავთობის მარკეტინგული და პოლიტიკური სტრატეგია და კორონავირუსი  

ნავთობის ფასები დღეს მსოფლიოს პოლიტიკურ და სამხედრო სტრატეგიებს განსაზღვრავს და ასევე თავის მხრივ პოლიტიკური მიზანი ზემოქმედებს ნავთობის ფასზე.

რუსეთისათვის ნავთობის ფასის სიმაღლე ერთ-ერთი სასიცოცხლო საკითხია. ბოლო 3 წელი პუტინი და მისი მთავრობა განსაკუთრებით დაუახლოვდნენ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს და განსაკუთრებით ცუდი რეპუტაციის მქონე პრინცს მოჰამედ ბენ სალმან ბენ აბდულაზიზ ალ საუდის, რადგანაც მასში ალბათ მოკავშირე დალანდეს. ვოვა პუტინს ძალიან მოსწონს მოძალადე ლიდერები როგორც ჩანს და ამ მხრივ საუდის პრინცმა თავი განსაკუთრებით “გამოიჩინა”, როდესაც არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, მოკლეს სტამბულში, საუდის არაბეთის საელჩოში, 2018 წლის 2 ოქტომბერს, ამ ქვეყნის სპეციალურმა აგენტებმა.

რუსეთსა და თავად საუდის არაბეთს შორის კონკურენცია რენტაბელობის კუთხით მიმდინარეობს. საუდის არაბეთმა რომ ფასი 10 დოლარამდე დაწიოს მაინც მომგებიანი იქნება ნავთობის მოპოვება მისთვის, ხოლო რუსეთმა ნავთობის მსოფლიო ფასი, როგორც არ უნდა დაუჯდეს 35 დოლარზე ზევით უნდა შეინარჩუნოს რომ მოიგოს და არ გაკოტრდეს. ალბათ ამიტომაცაა რომ რუსეთი, ნავთობის ზონებში საკუთარ სამხედრო რაზმებს გზავნის და არაბული სახელმწიფოების შიდა საქმეებშიც აფათურებს ხელს. რუსეთს ასე აწყობს.

ბოლო პარასკევს განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია არაბული ნავთობის გარშემო. როგორც წყაროები წერენ, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი შეხვდა OPEC-ის ოფისში თავის კოლეგას, პრინც აბდულაზიზ ბენ სალმანს და განუცხადა რომ რუსეთს არ სურს ნავთობის მოპოვების შემცირება.

ამ განცხადებაზე პრინც აბდულაზიზმა ზრდილობიანად გააგრძელა საკუთარი არგუმენტების მოყვანა და როდესაც შეატყო, რომ რუსეთი მის ლოგიკას ვერ აფასებდა, შეწყვიტა მოლაპარაკება და ფასებმა დაიწყეს დაწევა.

პუტინმა ფაქტიურად ფორსირებული ფსიქოლოგიური შეტევა მოახდინა OPEC- ზე, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად ვერ გათვალა, რადგანაც ცუდი რეზულტატი მიიღო. ფასების დაწევა რუსეთისთვის დრამატული აღმოჩნდა.

საერთოდ რაზეა თამაში რომ წარმოვიდგინოთ. რუსეთს ნავთობის ფასად 42 ამერიკული დოლარი აქვს საკუთარ ბიუჯეტში  გათვალისწინებული, მაშინ როცა თავად საუდის არაბეთი 84 ამერიკული დოლარს ნავთობის ერთი ბარელისათვის დებს საკუთარ ბიუჯეტში ამ 2020 წელს. ანუ პუტინმა არაბებს დაანახა, რომ უფრო იაფ ნავთობზეც კი იმუშავებდა მისი ბიუჯეტის “პერპენდუმობილე” და ამიტომაც პოკერულ სტილში შეუტია არაბებს, ვითომდა, მაღალი ფასი თქვენ უფრო უნდა გაწყობდეთო და ამისათვის “ერთი ადგილი გაანძრიეთო”, ანუ ნავთობის მოპოვება თქვენ თავად შეკვეცეთო – ამბობდა ბატონო ვოვა. რა აძლევდა ამის საბაბს ცოტა ძნელი წარმოასადგენია, მართალია რუსებს 35 დოლარზე ძვირი ფასი მოგების მიღების საშუალებას აძლევს, მაგრამ თავად საუდის არაბეთი, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 84 დოლარად აქვს ერთი ბარელი ნავთობი ბიუჯეტში ჩადებული, რაც ცოტა მათი მსუნაგობის ნიშანია, 9 დოლარს ზევით უკვე ნავთობის მოგებას იღებს და ძლიერდება. ანუ პუტინის საფასო სტრატეგია უფრო ავანტიურისტული იყო ხოლო საუდელების სტრატეგია გახლდათ „ნაღების მიღების“ სახის საბიუჯეტო ქმედება.

ნავთობის ფასი უკვე მარკეტინგის ფენომენია და მას მოთხოვნა მიწოდების თანაფარდობა აყალიბებს. მიწოდება თუ შემცირდება შესაძლოა ფასი გაიზარდოს ხოლო თუ მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა ფასი დავარდება.

მაგრამ რა აყალიბებს მოთხოვნას ნავთობის რესურსებზე? რა თქმა უნდა ეკონომიკა, განსაკუთრებით ზრდადი მოხმარება, გადაჭარბებული კონსუმერიზმი. ჩვენ კონსუმერიზმის საუკუნეში ვცხოვრობთ, ფასებს ბერავს ადამიანის უდიდესი სურვილები და ამას ემატება საბანკო კრედიტი რომელიც ზოგ ქვეყანაში ზედმეტად ლიბერალურია და ფულის უაზრო ფლანგვასაც იწვევს.

მაგრამ გამოჩნდა კორონავირუსი, რომელმაც გამოწვია გარკვეული შეფერხება ადამიანების მოთხოვნის ჩამოყალიბებაში, გამოჩნდა რეცესიის ნიშნები, ლუფტჰანზამ მაგალითად კორონავირუსის გამო გადადო 7000 ფრენა, ტურისტულ კომპანიებს გაუჩნდათ პრობლემები, უნივერსიტეტები ფიქრობენ თავიანთ მომავალზე. ამ ყველაფერს კიდევ უძღოდა ის, რომ ამ თვეს აშშ-ს უძრავი ქონების ჰიპოთეკურმა სესხმა იწყო გაიაფება, მართალია უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც და ყველამ გამოთქვა იმის აზრი, რომ უძრავი ქონების ფასების განვითარების შენელებას ქონდა ადგილი.

ამ ვითარებაში მოთხოვნა ნავთობზე შესაძლოა შემცირდეს და ამიტომაც ქვეყნებმა, რომლებსაც ნავთობი აქვთ, მოპოვება უნდა შეამცირონ, მისი ფასების ძველი ნიშნულების შენარჩუნებისათვის.

მაგრამ რუსეთი არ თანხმდება. პასუხად საუდის არაბეთმა რეკორდულად გაზარდა საკუთარი ნავთობის მიპოვება (10 მილიონი ბარელი დღეში) და ფასი შემცირდება, შესაძლოა 10 დოლარამდე ერთ ბარელზეც კი დაეცეს.

როგორც ვხედავთ 1980 წლის კრახი შეიძლება განმეორდეს. მაგრამ გავიხსენოთ რა მოხდა ამ წელს, საუდის არაბეთმა გაზარდა ნავთობის მოპოვება და ნავთობის ფასი 3-ჯერ დავარდა მსოფლიოში, რამაც დაიწყო საბჭოთა კავშირის გაკოტრება, რომელიც იმ დროს ავღანეთში დანაშაულებრივ ომს აწარმოებდა და დიდი ფინანსური რესურსები ესაჭიროებოდა.

საბჭოთა პოლიტიკოსები შეიძლება სწრაფად ვერ ჩაწვდნენ ამ მდგომარეობას, მაგრამ სწორედ საბჭოთა იმპერიის გაკოტრებამ გამოიწვია ახალი პროცესის – გარდაქმნის დაწყება გორბაჩოვის მიერ.

ჩვენ ისიც ვიცით, რომ სტალინის გარდაცვალებისას საბჭოთა კავშირს ჰქონდა ოქროს უდიდესი მარაგი მსოფლიოში, ეს გახლდათ 4500 ტონა.  მაშინ როდესაც 1984 წელს საბჭოთა კავშირის ოქროს საცავში მხოლოდ 250 ტონა იდო. ანუ საბჭოელები თითქმის ყველაფერს ოქროთი ყიდულობდნენ, რადგანაც უაზრო ეკონომიკა ჰქონდათ და 1980 წლის ნავთობის საბირჟო ფასების კრახიდან მოყოლებული წაგებაზე მუშაობდნენ მათთვის მთავარ სანავთობო ინდუსტრიაში.

დღეს სიტუაცია სხვანაირადაა, აშშ-ს აქვს 8130 ტონა ოქრო, გერმანიას 3370 ტონა, ხოლო რუსეთს 2250 ტონა. ანუ რუსეთი ცუდად არ არის მომზადებული საფასო ბრძოლისათვის.

მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ თავად როსნეფტი ჩინეთის ვალებშია ჩავარდნილი. როსნეფტს 2019 წლის მდგომარეობით 5,5 ტრილიონი მანეთი ვალად ადევს, ამ ვალებში 3 ტრილიონი მანეთი მხოლოდ ჩინეთი ვალია, აქედან როსნეფტმა 44 მილიარდი დოლარი მარტო ფულის სახით უნდა გადაუხადოს ჩინეთს. რაც იმას ნიშნავს რომ როსნეფტი ფაქტიურად ჩინეთისაა.

გამომდინარე აქედან, თუ მსოფლიო ნავთობის ფასი 42 დოლარზე დაბლა დაეცა, რუსეთში ფასები სწრაფად გაიზრდება. ინფლაცია შესაძლოა მაკროეკონომიკურმა ნაბიჯებმა ვეღარ შეაკავოს.

ეხლა განვიხილოთ ნავთობის ახალი ბაზარი რომელსაც შელფური ნავთობი და ასევე შელფური გაზი ეწოდება.

რაღაც პერიოდის წინ შელფური გაზი და ნავთობი, რომელიც “სენდვიჩის” ფორმის მიწის ქანებიდან მოიპოვება ნაკლებად რენტაბელური იყო. სადღაც 45-55 დოლარს უტოლდებოდა მისი რენტაბელობა. მაგრამ უკვე ბოლო წლებში შელფური გაზის და ნავთობის რენტაბელობის განაკვეთი უფრო დაბალ ნიშნულზე დავიდა.  თუ შელფური ნავთობის რენტაბელობა 30 დოლარზე დავა, მაშინ მის მოპოვებას კიდევ უფრო გაზრდიან ამ ტიპის ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები. პირველ რიგში აშშ. ეს კი გამოიწვევს რუსეთის კონკურენტების რაოდენობის გაზრდას და ნავთობის ფასის კიდევ უფრო გაიაფებას.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას და მის ნავთობის რესურსებს, უნდა ითქვას რომ ამ რესურსების ინვენტარიზაცია ჯერ არავის გაუკეთებია. მაგრამ ფაქტია, რომ რენტაბელური ნავთობის მადნები უკვე ცოტაა და მათი გამოყენება 7-8 წელიწადს არის კიდევ შესაძლებელი.

 

ექსკლუზიურად MH-ისთვის: კახაბერ ჯაყელი