კორონავირუსი – ეკონომიკა და მარკეტინგი

დონალდ ტრამპის ეკონომიკური გუნდის დაფიქრება აშკარაა კორონავირუსის მიერ გამოწვეული შესაძლო ეკონომიკური რეცესიის განვითარების საფრთხესთან დაკავშირებით. პარასკევს ტრამპის ყოფილმა ეკონომისტმა კევინ ჰასეტმა განაცხადა – „კორინავირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს აბსოლუტური გლობალური რეცესია, თუ იგი არ იქნება დროზე შეჩერებული“.

არსებული ვირუსის მიერ ადამიანების ერთად შეყრა და მასობრივი ღონისძიებები მნიშვნელოვანი საფრთხეა დაავადების სწრაფი გავრცელებისათვის. აქედან გამომდინარე, მრავალი კომპანია დღეს სთავაზობს დაქირავებულებს იმუშაონ სახლიდან და დისტანციურად გააკეთონ თავიანთი საქმე. ეს უკვე იწვევს ცვლილებებს ეკონომიკაში და მარკეტინგში.

როგორც ჩანს, დისტაციურ ქმედებებს, ციფრულ სერვისებს, ხელოვნურ ინტელექტს და ინტერნეტ ოპერაციებს კორონავირუსი მხოლოდ წაახალისებს. იმ კომპანიებს რომლებსაც ჯერ სერიოზული თანხები არ ჩაუდიათ თავიანთი სერვისების გაციფროვნებაში, სერიოზული თავის ტკივილი ელით, რადგან მომხმარებლები უკვე იმათ მიაშურებენ, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სერვისებისა და პროდუქტების გაციფროვნებასა და ინტერნეტ მიწოდებაში.

ავიღოთ უმათლესი განათლების სფერო. საქართველო, დიდი ხანია, ცოტა ეჭვით უყურებს დისტანციურ სწავლებას, ანუ ინტერნეტ განათლებას. ეს ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური განათლება, რომელიც ხანდახან აშშ-ში უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი, პროფესორის მიერ, საკლასო ოთახში მიწოდებული განათლება – რადგანაც იგი დიდ კომფორტს პირდება მსმენელს, ჩვენს ქვეყანაში ფაქტიურად მიუღებელი იყო.

დღეს კი რას ვხედავთ, ქართული უნივერსიტეტები ერთმანეთს ასწრებენ, დისტანციური განათლების, თუნდაც დროებით მაგრამ მაინც, შეიძლება ითქვას „ფაცი-ფუცით შემოღებაში“.

როდესაც დრო გაგასწრებს, მაშინ ძნელია კონკურენცია მსგავს კომპანიებთან, რადგანაც გიხდება არამარტო წაგებული დროის ამოქაჩვა, რომელიც ძვირი გიჯდება არამედ მინიმუმ 3 ჯერ მეტი ფული ჩადება, ცნობადობის შექმნისათვის.

მარკეტინგი უნდა იყოს ევოლუციური. შევეცადოთ წარმოვიდგინოთ დარვინის თეორია და მოვარგოთ იგი ჩვენს კომპანიას. მივხვდებით რომ ერთუჯრედიანი არსებიდან მოყოლებული, ხან უნდა ვიცუროთ, ხანაც უნდა ვიფრინოთ, შეიძლება ფარფლებისა და ლაყუჩების გამოსხმა დაგვჭირდეს და შეიძლება წყვდიადში საკუთარი ენერგიით ნათების გამოფრქვევა უნდა ვისწავლოთ.

ანუ, უნდა ვისწავლოთ ადაპტირება, შეგუება, მიმღებლობა. ყველაზე კარგი მარკეტინგი ეს ევოლუციური მარკეტინგია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მრავალმა დიდმა კომპანიამ, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ევოლუციური მარკეტინგი არც კი იცის რა არის და ამიტომაც აგებს.

აი მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი ენციკლოპედია ბრიტანიკა, რომელიც 1768 წელს გამოიცა, უძველეს და უნივერსალურ ცოდნის წყაროდ ითვლებოდა, მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს სტუდენტები ამ ენციკლოპედიას ნაკლებად მიმართავენ და ისინი უფრო ხშირად ვიკიპედიას სტუმრობენ. რაშია საქმე? ენციკლოპედია ბრიტანიკამ თავის დროზე ვერ შეიმეცნა ინტერნეტის მნიშვნელობა და დარჩა შორს მიწოდების ონლაინ საშუალებებისაგან.

რაც ვერ მოახერხა დიდი რეპუტაციის მქონე ბრიტანიკამ, ის განახორციელა ვიკიპედიამ, რომელიც ხშირად სცოდავს ისტორიულ სიმართლეში, მაგრამ ინოვაციურობის გამო ვიკიპედიას ყოველთვის მიმართავენ და მასში ინფორმაციას ეძებენ მილიონები.

ჩვენს დღევანდელ დროს ზოგერთი ეკონომისტი ვიკიპედიზეიშნს-აც უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად მიწოდების ინოვაციურობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უნივერსალურობა და სიბრძნე.

სწორედ ეს მომენტი გამორჩათ ქართულ უნივერსიტეტებს, რომლებიც თავიანთი არსით ბიზნესზე ორიენტირებული კომპანიები არიან და გამომდინარე სტარეტგიული მარკეტინგის კანონებიდან მათ ამგვარი რამ არ უნდა მოსვლოდათ.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი ამერიკელი მარკეტოლოგი თეოდორ ლევიტი თავის გენიალურ სტატიაში – „მარკეტინგული სიბეცე“ წერდა იმის შესახებ, რომ კომპანიებმა საკუთარ თავს ჯერ უნდა ჰკითხონ – რომელ ბიზნესში ვართ ჩვენ? და შემდეგ მოახდინონ სტრატეგიული განვითარება.

რისი თქმა უნდოდა ლევიტს.

თუ უნივერსიტეტები საკუთარ თავს ჰკითხავდნენ – რომელ ბიზნესში ვართ ჩვენ? პასუხი რა თქმა უნდა იქნება „განათლების მიწოდების ბიზნესში“, მაშინ ისინი შეეცდებოდნენ განეხილათ განათლების მიწოდების, როგორც ტრადიციული ასევე ახალი და ინოვაციური არხები და შემდეგ  გამოეყენებიათ ისინი. თუნდა კონკურენტული განვითარების კუთხით.

განათლების მიწოდების ონლაინ, ციფრული მედიის გამოუყენებლობა ქართული უნივერსიტეტებისაგან 21-ე საუკუნეში ბიზნესში დამარცხებას შეიძლება უდრიდეს. წარმოიდგინეთ მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტები დიდ ფინანსებს და მენეჯმენტს უთმობენ განათლების მიწოდების დისტანციურ , ციფრულ მეთოდებს და ამ დროს ჩვენში ეს მიმართულება ნაკლებადაა მიჩნეული.

მოკლედ კორონავირუსი ამ მიმართულებით ინოვაციურ საკითხებს დააჩქარებს. არა მარტო საუნივერსიტეტო ბიზნესში, არამედ ყველა იმ ბიზნესში სადაც ციფრული პროდუქტისა და სერვისის შექმნა სჯობს, ან უთანაბრდება, არაციფრულ სერვისსა და პროდუქტს, უდიდესი ნაბიჯები იქნება გადადგმული და ეს ნაბიჯები გამოიწვევს დიდი ძალით და ენერგიით ახალი ეკონომიკის შექმნას.

რაც შეეხება კორონა ვირუსის მიერ ეკონომიკის შეჩერების და რეცესიის საკითხს ამ მიმართულებით საბოლოო აზრის ჩამოსაყალიბებლად მსოფლიოში, ამერიკაში, ევროპაში, განსაკუთრებით აშშ-ში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ინდიკატორებს უნდა დაუკვირდეთ.

ბოლო წლების მანძილზე ზრდადი ჰიპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი ოდნავ შემცირდა. ამან გამოიწვია ბინის შეძენის მსურველთა ოდნავი ყოყმანი. ამგვარმა ყოყმანმა შესაძლოა გამოიწვიოს ბინის შეძენის სურვილის გადადება უძრავი ქონების გაიაფების მოლოდინის გავლენით. კორონავირუსმა ამ კუთხით შესაძლოა ეკონომიკის რეცესია მართლაც გამოიწვიოს და ამის ადრეული ასახვა ჰიპოთეკის კრედიტის პროცენტში უკვე გამოიხატა.

 

ექსკლუზიურად MH-ისთვის: კახაბერ ჯაყელი