ნიადაგი ჰგავს ყულაბსა

მოსე ჯანაშვილის „სამეურნეო წერილები ძველი საქართველოდან“

ძველის ძველდაგანვე საქართველო განთქმული იყო თავის მეურნეობით და აღებ-მიცემობით.

გამოჩენილი ისტორიკოსი ბერძენთა ჰეროდიტე, რომელიც სცხოვრობდა რამდენიმე საუკუნე ქრისტეს წინად, ამბობს, რომ ქართველთა მონათესავე ხალიბებმა იცოდნენ კეთება რკინეულობისა და ფოლადეულობისაო და დიდი ვაჭრობა ჰქონდათ გამართული ყველა მაშინ ცნობილს ქვეყნებშიო. ისტორიკოსი კსენოფონტი კი ამბობს, რომ 400 წელს ქრ. წინად მე ჩემის ჯარით შევედი ხალიბების ქვეყანაში და ვნახე, რომ მკვიდრ ხალხს ეცვა რკინის ფეხსაცმელი, ხელისგან ქსოვილი ახალუხები და ეხურათ ჩაფხუტებიო. იგივე მწერალი ამბობს, რომ ქართველთა სხვა მონათესავე ხალხს-ტიბარენელებს ჰყვანდათ მრავალი პირუტყვი: ცხვარი, სახედარი და რქოსანი პირუტყვებიო, მათი ხელობა მწყემსობა იყოვო.

გამოჩენილი მწერალი სტრაბონი, რომელიც სცხოვრობდა ქრისტეს დაბადების წინად პირველ საუკუნეში, ქიზიყსა, კახეთსა და ზაქათალას მაზრის ქვეყნების შესახებ, აი რას ამბობს: „აქ საკმაო, რომ ერთ წელიწადს მოხნა და დასთესო და ნიადაგი დაუსვენებლივ სამისა და ოთხის წლის განმავლობაში ზედი-ზედ იძლევა მშვენიერს მოსავალს. პირველ მოსავალს ორმოც-და-ათჯერ მეტი მოაქვს დათესილზე. ეს ქვეყანა, კარგი სარწყავების შემწეობით, გადამწვანებულია ნოყიერი ბალახით, რომლითაც იკვებება დიდძალი პირუტყვი. ვენახებში ადვილად შენდებიან; ორი წლის ბაგა იძლევა ნაყოფსა. როდესაც კი ბაგა ვენახად იქცევა, მაშინ მრავალი ულეველია და ერთი ნაწილი მტევნებისა ზედვე ვაზზე რჩება მოუკრეფლად. ერთის სიტყვით, ეს ქვეყანაც მრავლად აჯილდოებს მცხოვრებლებს შვრიითა, ხორბლითა, ქერითა და ყურძნის მშვენიერი ნაყოფითალ.“

იგივე მწერალნი და ბევრნიც სხვანი საქართველოს ძველი დროის ვაჭრობაზე, აი რას მოგვითხრობენ:

ქართველთა ვაჭრობასა და აღებ-მიცემას ხელს უწყობდენ ქვეყნის მდებარეობა ორთა ზღვას შუა, აგრეთვე მდინარენი, რომელთ შემწეობით საქონელი შავი ზღვიდგან ადვილად გადაჰქონდათ კასპიის ზღვაში და იქიდგან ინდოეთისაკენ ეზიდებოდნენ. იქაური საქონელი კი ამავე გზით გადმოჰქონდათ საქართველოში და აქედგან მიჰქონდათ საბერძნეთში. ბერძნებს ჰქონდათ მრავალი ახალ-შენებები შავი ზღვის პირას, მათ გაეჩაღებინათ ვაჭრობა მკვიდრ ხალხებთან. ქ. ფაზისი (ფოთი) იყო საქონლის საწყობ ადგილად. დიოსკურიის (სუხუმის) დიდ ბაზრობას ესწრებოდნენ 300 ხალხის წარმომადგენელნიო. საქართველოდან გაჰქონდათ ტყავები, ფისი, სასენებელი მასალა, თაფლი, ოქრო, ვერცხლი, რკინა, ტილო, ძვირფასი ქსოვილები, ბამბა და ინდოეთიდგან მოტანილი ძვირფასი ქვები.

თუ რა გვარ წარმატებაში იყო საქართველოს მეურნეობა სჩანს იმ ფაკტიდამაც, რომ ქართველნი ყოველ წლივ სპარსეთის ხელმწიფის დარიოზის სასარგებლოდ იხდიდნენ დიდ-ძალს ხარჯსა: 500 ტალანტსა.

რადგანაც საქართველოს მოსახლენი ფრიად განვითარებულნი იყვნენ მეურნეობაში, ამიტომ ბერძნებმა ქართველების ქვეყანას უწოდეს „გიორგია“ (სამეურნეო ქვეყანა) და ქართველთ კი გიორგიელნი, ესე იგი მეურნენი ანუ მხვნელ-მთესველნი. მის შემდეგ საქართველო ევროპიელთაგანაც იწოდება გიორგიად, მხოლოდ რუსნი უწოდებენ გრუზიას, აზიელნი კი გურჯისტანს და ქართველს კი გურჯს. რადგან ბერძნებმა ფოლადის ხმარება პირველად ისწავლეს ქართველთ ხალიბებისაგან, ამიტომაც თვით ფოლადსაც მათებურად დაერქვა ხალიბი.

ბარონ უსლარს ძველი წყაროებიდან გამოუკრებია კიდევ უფრო შესანიშნავი ცნობანი შესახებ ქართველებისა იმის სტყვით, ჩვენნი უწინდელნი წინაპარნი საკმაოდ განათლებულნი ყოფილან, მათ ჰქონიათ დიდი პალატები, დარბაზები, კრამიტით დახურულნი, კარგად გაკეთებული გზები, ხიდები და ამ გზებზე სასტუმრო და მგზავრთათვის თავ-შესაფარი სადგურები და სხვა და სხვა.

საიდან და როგორ იზენდნენ მაშინ იმდენ ქონებას, რომ თავის თავსაც ირჩენდნენ, ხარჯსაც იხდიდნენ და კიდევ პალატებსა და დარბაზებსაც იშენებდნენ? ნუ თუ მაშინდელები გვჯობნიდნენ ეხლანდელებს? არა გვგონია.

უმთავრესი მიზეზი ამ გვარის ყოფისა, ჩვენის აზრით, არის ის მოვლენა, რომ მაშინ, ძველ დროს საქართველოს ნიადაგი იყო ფრიად მდიდარი, ისე მდიდარი, როგორც სტრაბონი ამბობს, რომ ერთ წელიწადს მიწაში ჩაგდებული მარცვალი, ხუთი წლის განმავლობაში იძლეოდა მოსავალსა და ისიც იმდენსა, რომ ეხლანდელ მხვნელ-მთესველს სიზმრადაც არ ესიზმრება ისეთი მოსავალი. სამეურნეო სწავლის უცოდინარობისა-გამო თან-და-თან, საუკუნოთ საუკუნე მიწა გაღატაკდა, მას გამოელია ძალა, ხე-ტყე გაიჩეხა, ჰავა ქვეყნისა შემშრალდა, გამოიცვალა, სარწყავი წყლები დაშრა, წინანდელი ნაყოფიერი ადგილების უმეტესი ნაწილი უნაყოფო უდაბნოებად იქცა, უმცირესი კი მრავალი შრომის ბადლათ ძლივ ძლივობით გვაძლევს იმდენს, რომ ჩვენი ცოლ-შვილი წლითი-წლობით ვკვებოთ…

რა არის ამის მიზეზი? უმეცრება, სამეურნეო ცოდნის უქონლობა.

ნიადაგი ჰგავს ყულაბსა, რომ ყოველ დღე ყულაბიდამ ამოიღო ფული და გროშობით ჰხარჯო და დახარჯულის სამაგიერო კი არ შეინახო, მოვა ისეთი დრო რომ ყულაბაში სრულიად გამოილევა ფული და განძის უფალი ღატაკად, მათხოვრად შეიქმნება. ესრეა ნიადაგიც. ყოველ წლივ, საუკუნით საუკუნე, რომ ნიადაგი გადახნა, გადასთესო და წაართვა ძალა, ბოლოს იგი ძალა სრულიად გამოელევა და მიწა მწირი შეიქინება. მუშაკი არა თუ მიიღებს რასმე საჩუქარს, არამედ იმასაც დაჰკარგავს, რასაც ჩასთესავს ხნულში…

ნიადაგმა, როგორც ადამიანმა, იცის დაღალვა. ადამიანი სჭამს სხვა-და-სხვა ხორაგეულს, სვამს სხვა-და-სხვა გვარ სასმელებს და მით იქარვებს თვის დაღალვას და ძალასაც იბრუნებს. აგრეთვე ნიადაგია, რომ ამ დიდმა დედამ ცხოველებისამ არ იგრძნოს დაღალვა, მისთვისაც დრო გამოსვებით საჭიროა ჭამა, მისი საჭმელი და ხორაგი არის სასუქი, რომელიც შემზადდება მრავალ გვარ ნივთიერებისაგან, სასუქით გამაძღარი ნიადაგი არას დროს არ იღალება. იგი ამ დროს არის დევ-ძალა, რომელსაც რამდენიც გინდა საპალნე აჰკიდო, გასწევს და წელში არ მოიხრება.

აი ეს არის ჩვენი სიღატაკის მიზეზი. ჩვენ გავხდით უმადურნი მოვალენი ჩვენის კეთილის-მყოფელის მიწა-ნიადაგისა. ჩვენვე დავლიეთ, გამოვწოვეთ და გავაშრეთ მისი უხვი ძუძუ და ჩვენვე ვემდურით არა ჩვენ თავს, არამედ მასვე, ამ ჩვენს დედა-მიწას. ძველი ქართველებიც, ვინ იცის, ჩვენზე უფრო უპატიურად ექცეოდნენ ამ საერო დედას, მაგრამ მაშინ იგი არ იმჩნევდა დაღალვას; მაშინ ძუძუში ახალი რძე ჰქონდა, უხვად აწოვებდა ანჩხლ შვილებს და არც კი ეტყობოდა საზრდოს გამოლევა მაშინ უსაზრდოვოთაც იოლად მიდიოდა. თან-და-ტან ძუძუები დაუშრა. ეხლა ითხოვს იგი ნოყიერს საზრდოსა, რომ ისევე რძე ჩაუდგეს და ყველანიგამოგვკვებოს.

ჩვენ კი ვერც საზრდოს შემზადება ვისწავლეთ და ვერც სხვაფრივ მოვლა მისი. ამას გარდა, ვხმარობთ ისევ იმ სამეურნეო იარაღებს, რომელნიც იხმარებოდნენ ჩვენ წინაპართაგან, იმავე ხერხს და ღონეს ვადგევართ მეურნეობაში, როგორც ჩვენნი მამა-პაპანი….

მოსე ჯანაშვილი
სამეურნეო გაზეთი. 1887 წელი