ილია ჭავჭავაძე, როგორც ქართული მეღვინეობის მარკეტოლოგი
ილია ჭავჭავაძემ 1887 წელს, ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნარკვევი დაწერა, რომელსაც „ღვინის ქართულად დაყენება“ უწოდა. ეტყობა ილია მართალი გრძნობდა იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც ქართველში ეროვნული და ტრადიციული კულტურის – ქართული მეღვინეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საფუძველის ჩაყრა ერქვა. მაგრამ მანამდეც იყო კიდევ ერთი საინტერესო წიგნი, რომელიც თავადმა ჯორჯაძემ დაწერა და შახ-აზიზოვმა გამოსცა, ზოგადად ღვინოების გაუმჯობესების შესახებ, ამ წიგნს ერქვა: „მევენახეობა ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება ხელმძღვანელობისათვის კახური ღვინის მევენახეობისათვის“, ამ წიგნში ნათლად ჩანს საქართველოს მევენახეობის პრობლემები იმ ხანად და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დავწმუნდეთ – სირთულეები რაც ჩვენს წინაშე დგას დღეს არ-ახალია არამედ ძველი, მაგალითად „დღეს ჩვენში უცხო ქვეყნელი სულელიც ჭკვიან კაცად გადის და იქაური (ავტორის შენიშვნა: იგულისხმება საზღვარგარეთული) ტყუილი მართლადა“ (ილია ჭავჭავაძე, „ღვინის ქართულად დაყენება“). შეიძლება ითქვას, რომ დღესაც 21 საუკუნეში უმწეოებად გამოვიყურებით მსოფლიოს იმ დარგშიც კი – მეღვინეობაში, რომელიც თავად ქართველი კაცის შემოქმედებით ბუნებას შეუქმნია, იმიტომ რომ საფუძვლიანად არ გვაქვს შესწავლილი ტრადიციული მეწარმეობის ეს დარგი. მავანი იტყვის კიდევაც, ქართველებო საკუთარ შექმნილს უცხოს რაღად ასწავლებინებთო – და მართალიც იქნება.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართული ტრადიციული, ქვევრზედ დავარგებული მეღვინეობისა 21 საუკუნეში გახლავთ ის ფაქტი, რომ ეს დარგი დღესაც არანაირ სტანდარტებს არ ემორჩილება. არსებობს მხოლოდ რამოდენიმე ათეული გადმოცემა, სხვადასხვა მეღვინისა, რამოდენიმე წიგნი და სიტყვიერი არაკების უსასრულობა, რომელთაც გადამოწმება და მეცნიერულ-ტექნიკურ, სტანდარტებს დამორჩილებულ ჩარჩოებში ჩასმა სჭირდებათ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღვინის დაყენების ურთიერთგანსხვავებული წესებია გამომუშავებული (ღვინის დაყენება ჭაჭაზე, დედით დაყენება, ღვინის დაყენება უჭაჭოდ და უკლერტოდ, ჭარმაგი ღვინის დაყენება, შუშხუნა ღვინის დაყენება და ა.შ.), მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ღვინის დაყენების კახური წესი. მისი სპეციფიკა ის არის, რომ თეთრი ღვინის დადუღება მთელ ჭაჭაზე ხდება, მაშინ როდესაც საქართველოს სხვა კუთხეებში ტკბილი დუღს უჭაჭოდ ან დაწურული ყურძნის ჭაჭის უმნიშვნელო რაოდენობაზე. სპეციალისტების აზრით, ჭაჭაზე ღვინის დაყენება ადგილობრივ ტექნოლოგიური წესია (წყარო: ბასილაია 2008 ეთნოსები საქართველოში)
როდესაც პირველად ხელში ილია ჭავჭავაძის „ღვინის ქართულად დაყენება“ ავიღე, მაშინ მივხვდი, თუ რაოდენ წინ წასულა ეს დიდი პიროვნება, თუნდაც საბაზრო აზროვნებაში, იმ საკითხებში, რასაც დღეს ღვინის მარკეტინგსა და ბრენდინგს ვუწოდებთ, რადგანაც ამ მეცნიერებებში მთავარი ფასეულობის თემაა. სწორედ ქართული მეღვინეობის ფასეულობის განვითარება არის მთავარი ამოცანა დღესაც.
ფასეულობით – ვაზი და ღვინო ქართველი კაცის შემოქმედების აპოგეაა. ღვინოზე შექმნილია უამრავი საკრალური საგალობლები, რომლებშიც მეღვინეობის მფარველი ღმერთი ფიგურირებს. აქვე ჩანს განსხვავება და მსგავსება საქართველოს სხვადასხვა კუთხეების უძველეს წარმართულ საგალობლებში:
- აგუნას გადაძახება კალანდა მწუხრის ჟამს გურიაში,
- ჩაგუნა — კოლხეთში, სამეგრელოში, ლაზეთში და ჭანეთის დიდ ნაწილში,
- შიოობა — მარნის ღვთაების სალოცავი რაჭა-იმერეთში,
- ზედაშის კულტი — აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში,
- «შენ ხარ ვენახი», ვაზის და ამავე დროს დედა ღმრთისმშობლის სადიდებელი – მთელს საქართველოში.
როგორც ვხედავთ, ვაზისა და მევენახის დაფასების, მეღვინეს მარჯვენისა და თავად ღვინის, როგორც ღვთაებრივი სასმელის, დაფასების გარეშე საქართველო დღევანდელი სახით ვერ მოაღწევდა ჩვენამდე.
მართლაც, უდიდესია ვაზისა და ღვინის როლი მთლიანობაში მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში და კონკრეტულად საქართველოს შექმნაში. „ქართველი ხალხის ეკონომიკური ძლიერების განმტკიცებაში ვაზსა და ღვინოს ყოველთვის უდიდესი როლი ენიჭებოდა. საქართველოში ამ დარგის განვითარებას მდიდარი ისტორიული წარსული და სამომავლოდაც დიდი პერსპექტივები გააჩნია. ვაზი ერის სიმბოლოდ, წმინდა ხედ იყო აღიარებული, რის გამოც მეურნე კაცი ვაზზე შვილივით ზრუნავდა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ჩვენი ხალხი ვაზში თავის ვაჟკაცურ სულსაც ხედავდა, თავის ამაღლებულ, პატრიოტულ სულს. იქნებ ვინმეს პარადოქსად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ მევენახეობას და მეღვინეობას იგივე ადგილი ეკავა ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ქრისტიანულ რელიგიას იდეოლოგიაში. ალბათ ამიტომაც ინება უფალმა სწორედ ვაზით ქებული საქართველო განეწესებინა ღვთისმშობლის წილხვდომ ქვეყნად. ეს გარემოება კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმა და შემოსევის დროს ქართველი ერის თავგანწირული წინააღმდეგობისა და ქედმოუხრელი სულისკვეთების დასაძლევად, მათ არა ერთხელ სწორედ ეს სამეურნეო დარგი გაუნადგურებიათ, იცოდნენ რა, რომ ქართველი კაცის ძლიერება ვაზიდან იწყებოდა. მოძალებული მტრებისათვის ვაზის მოსპობა რწმენისა და თვით ჩვენი ხალხის მოსპობასაც ნიშნავდა “ (ქოქიაშვილი, 2008).
მარანში, სადაც ღვინო იწურებოდა და ინახებოდა, ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლო, ქალ-ვაჟის სიყვარულის აპოგეა – ჯვრისწერა იყო ნებადართული და შესაძლებელი, ღვინის მეშვეობით ხორციელდებოდა განწმენდა ქართული გონისა და ზრახვებისა, აკი სუფრაზე გამოიცდებოდა კიდევაც კაცი ღვინის სმისას.
მუდამ მაოცებდა სიმბოლო ქვევრისა, რომელიც ჩემი ჰიპოთეზით თავად ნაყოფიერების ღვთაება, უძველესი დედაა, იგი ბარაქიანობის სიმბოლოა. ქართული ოჯახი, ანტიკური საუკუნეებიდან დღემდე, მოდიოდა ვაზით და ღვინით, ქართულ ბარაქიან მიწებში, ღრმად ჩაფლული, მიწას მინდობილი, დიდი თუ პატარა ქვევრებით, რომლებიც ღვინოს, წარსულის საიდუმლოების მსგავსად მდუმარედ ინახავდნენ თავის ფართო მუცლებში.
ქართული ღვინის ფასეულობა – მისი ბუნებრიოვობაა – აი ეს აზრი იკვეთება დიდი ილია ჭავჭავაძის ნაშრომში. მაგრამ აქვე ერთი საჭირბოროტო აზრი წარმოიშვება – რაც ბუნებრივია ის ნაკლებ გამძლეა ზოგადად. აქედან გამომდინარე ილია მართალი ამბობს იმ სიტყვებს რაც ჩვენ გულზე უნდა დავიწეროთ და შრომაში გავითვალისწინოთ:
„ჩვენი შინაურნი ოსტატები ბრძანებენ, რომ ჩვენებური ღვინის კეთება გროშად არ ჰღირსო; ჩვენ არ ვიცით ვერც ერთნაირის და გამძლე ღვინის კეთება, ვერც შამპანიურისა, ვერც კონიაკისა და სხვა ამგვარი დიდფასიანი სასმელებისაო. საზღვარგარეთ კი მეცნიერების შემწეობით, ერთნაირს გამძლეს ღვინოს აკეთებენ, შამპანიურს, კონიაკს და სხვა ამისთანა სასმელებს, ხომ რა თქმა უნდაო“. შემდეგ ილია მართალი აღნიშნავს „ეს კი გონების თვალისაგან მოსხლეტიათ რომ ღვინის კეთებას ჩვენში მთელი ათასის წლების ისტორია აქვს და მაშასადამე არის რამ მიზეზი რომლის ძალითაც ჩვენი ერი თავისებურ ღვინის კეთებას ჰრჩეობს და ევროპიულს უბრთხის და ერიდება დღესაც“ (ილია, 1887).
დაუკვირდი მკითხველო ამ ილიასეულ მარილიან ფრაზას – „ჩვენი ერი თავისებურ ღვინის კეთებას ჰრჩეობს“ და უნებურად გაგახსენდება, ილიას ეპოქალური ნაწარმოები „მგზავრის წერილები“, სადაც ლელთ ღუნია, ასეთივე ლაზათითა და მარილით ეუბნება ილიას – „ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო“. როგორც ჩანს, დრამატიზმითა და მნიშვნელობით ილიას ორივე სიტყვა: „გვეყუდნოდეს“ და „ჰრჩეობს“ სხვადასხვა დროისათვის, ქართველის თავს დამტყდარ უბედურებისაგან ხსნის გზას გამოხატავს. თუ „გვეყუდნოდეს“, ეროვნული დამოუკიდებლობის ფორმულაა, ღვინის მიმართ გამოხატული ამოძახილი – „ჰრჩეობს“, ილიას მოწოდებაა ტრადიციული მეწარმეობის, მაშასადამე საკუთარი თავის, შენარჩუნებისაკენ.
გრძნობდა ილია ჭავჭავაძე იმ დროს, როდესაც ყველა ერი, თავისივე მეწარმეობით მოიწონებდა თავს და მსოფლიო იერარქიაში, იმ ადგილს დაიკავებდა, რაც კი მათ საკუთარი შრომის ნაყოფით ეკუთვნოდა. ამას რომ წინასწარმეტყველებდა, ილია მართალი მოუწოდებდა კიდევაც თავის დაყრუებულ თანამედროვეებს და განსაკუთრებით მომავალ თაობებს, იმას რომ მათ თავიანთი თავი კიდეც უნდა „ეყუდნოდეთ“ და ისინი თავიანთ ღვინოს კიდევაც უნდა „ჰრჩეობდნენ“, რადგანაც სწორედ ეს გახლდათ გზა გადარჩენისა.
როგორც დამარხულ ქართულ ენას ჩვენსას სახელად – ლაზარეს, რომელზეც იოანე ზოსიმე სწერს: „დამარხულ არს ენაჲ ქართული, დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! “, – მცველად დაუდგა ილია ჭავჭავაძე, სწორედ ასეთივე თავდაუზოგავი შრომით დაიწყო მან ქართული ტრადიციული მეღვინეობის გადარჩენა და მისი საფუძვლიანი მხარდაჭერა.
პროფესორი კახაბერ ჯაყელი