ქროსთი VS ბერიძე

ლანა ჯალაღონია, იაკობ ჯანგავაძე
IBSU  მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა

 

კომპანია “CROSTY“ -სა და დიზაინერ ბექა ბერიძის დაპირისპირება დაიწყო პოსტით, რომელიც ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა: ”მოკლედ ასეთი ამბავია – CROSTY-სგან მივიღე ასეთი წერილი დღეს. მიკრძალავენ ჩემი დიზაინით დაწერილი სიტყვა თავისულფება რომ გამოვიყენო პრინტებზე, წინაააღმდეგ შემთხვევაში დამეკისრება ჯარიმა, ყადაღა დაედება პროდუქციას და ა.შ

ვინც მე მიცნობს, ჩემი გვერდი და ნამუშევრები იცის – წლებია ამ საქმეს ვაკეთებ, მაქვს ჩემი საკუთარი დიზაინით შექმნილი ტიპოგრაფიები ილუსტრაციები ნახატები, რომლებსაც ხშირად სხვები ითვისებენ არათუ პირიქით.

გასაგებია, რომ სიტყვის ვიზუალური ინტერპრეტაცია დააპატენტო და ასეც უნდა იყოს. თუმცა ზოგადად სიტყვის დაპატენტება და თან “თავისუფლების” ცოტა უცნაურია. ჩემი დიზაინით ამ სიტყვის დაწერა რატო უნდა იყოს აკრძალული გაუგებარია.

ვინც ერკვევით მსგავს საკითხებში იქნებ რჩევა მომცეთ ან დამეხმაროთ.

თავისუფლება ხო ლომთა ხვედრია!

CROSTY ომი გინდათ ხალხო???”.

რასაც თან დაურთო, კომპანიის ოფიციალური წერილი და მოთხოვნა, ეს სიტყვა არ გამოეყენებინა მის საქმიანობაში.

ამას მოყვა გამოხმაურებები სოციალურ ქსელში და საკითხიც საკმაოდ შორს წავიდა, ადამიანებმა უარყოფითად აღიქვეს სიტყვა „თავისუფლების“ კომერციული მიზნებით, ერთპიროვნულად გამოყენება და ამ სიტყვის, როგორც ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის, ერთი კომპანიის „ინტელექტუალურ საკუთრებად“ მოაზრება. ლეგიტიმურ კრიტიკას, თან სდევდა ხუმრობები, რომელიც ძირითადად კომპანიისკენ იყო მიმართული.

ცხადია, სიღრმისეული შესწავლა არ სჭირდება თემას, რომელიც თითოეული ქართველისთვის ახლო და სენსიტიურია მაგრამ თავისი შინაარსით, სიტყვა თავისუფლება აერთიანებს უამრავ საკითხებს, მათ შორის ქვეყნის დამოუკიდებლობას, ეროვნული ინტერესის, სისხლის ფასად დაცვას და ამასთან, ქვეყნის უკანასკნელი 30 წლის მნიშვნელობას, შესაბამისად რეაქცია, რომელიც ამ სიტყვის მიკერძოებას მოყვა, ლეგიტიმური და საფუძვლიანია.

არსებობს ბიზნეს ინტერესები, რომელთა განხორციელებაც ხშირ შემთხვევაში სრულად დასაშვებია და დამატებით, თანხვედრაშიც კი მოდის ეროვნულ ინტერესთან, მაგალითად : გამოიყენო სიმბოლო ან სლოგანი, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. არსებობს უამრავი სიტყვა, რომელიც პრობლემის ფართოსაზოგადოებისთვის გაცნობას და მათთვის, ქვეყნის ძირითად გამოწვევებზე ორიენტირების საშუალებას იძლევა მაგრამ აიღო სიტყვა, რომლის მოპოვებისთვის უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში, აქციის სასტიკი დარბევა, ორი ომი და უამრავი მსხვერპლის გაღება გახდა საჭირო, როგორც მინიმუმ არასწორია.

გამოსავალი, რაც ამ კრიზისული სიტუაციიდან CROSTY-ს მენეჯმენტს უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში იყო ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის, ხოლო შემდეგ საუბარი იმაზე, რა იგულისხმებოდა იმ ტექსტში, რომელიც დიზაინერ ბექა ბერიძეს გაეგზავნა.

სწორ და ოპერატიულ ქცევას, არათუ შეეძლო უარყოფითი ტალღის გადაფარვა, არამედ კომუნიკაცია მომხმარებელს დაარწმუნებდა, რომ ამ სიტყვის შინაარსი კომპანიას სწორად აქვს გააზრებული და ის პატივს სცემს ქვეყნის ისტორიას, კულტურას და ღირსეულ მონაპოვარს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კომპანიის მხრიდან დამატებითი განმარტებები არ გაკეთდა და მოსახლეობაში გაურკვევლობისა და ნაწილობრი, ბრაზის შეგრძნება დატოვა.