ნაყიდი თავისუფლება

ავტორები: დამენია მარიამი, ჩეკურიშვილი მერი, IBSU

კომპანია CROSTY ახალია ქართულ ბაზარზე და ის მომხმარებელს მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს სთავაზობს მასზე დატანილი სიტყვით “თავისუფლება”, რომელსაც დიდი დატვირთვა აქვს. CROSTY-ს შემქმნელები აცხდებენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა საკუთარ თავზე გამოსცადეს და მათზე ეს განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა, რადგან თავიანთი მშობლიური კუთხე, აფხაზეთი, დაკარგეს. ბოლო დროს გახმაურებული სკანდალებიდან ერთ-ერთია CROSTY-სა და ბექა ბერიძეს შორის დაპირისპირება.

გრაფიკული დიზაინერი ბექა ბერიძე Facebook-ზე წერს, რომ ქართული ბრენდი CROSTY კონკრეტული სიტყვის პრინტებზე გამოყენებას უკრძალავს, ბერიძის თქმით, CROSTY ეუბნება, რომ სიტყვა “თავისუფლება” აქვს სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული და ამ სიტყვის გამოყენებაზე ედავებიან. დიზაინერის განმარტებით, მას, ფაქტობრივად, სიტყვა “თავისუფლების” გამოყენებას უკრძალავენ. ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო – ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული სიტყვის მისაკუთრება და მისი სასაქონლო ნიშნად ქცევა არარაციონალური ქმედებაა, მეორე ნაწილი კი თვლის რომ რადგან კანონმა კომპანიას ამის უფლება მისცა, ბერიძე ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს.

იურისტი ნათია კაპანაძე კონკრეტულ ქეისზე საუბრისას ამბობს, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გავრცელებულა და, შესაბამისად, მსჯელობა რთული იქნება. თუმცა, აქვე გვეუბნება, რომ კომპანიამ უნდა განმარტოს, რას ედავება გრაფიკულ დიზაინერს – კონკრეტული დიზაინის თუ სიტყვა “თავისუფლების” ნებისმიერი ვიზუალით გამოყენებას. გარდა ამისა, ნათია კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს თავად ფაქტზე, რომ შესაძლებელია სიტყვის სასაქონლო ნიშნად რეგისტრირება. თუმცა, მისი თქმით, ამ კუთხითაც ბევრი დეტალია გასარკვევი. “თუ სიტყვა ეკუთვნის ვინმეს და არავის სხვას არ აქვს მისი გამოყენების უფლება, მაშინ წინააღმდეგობაში მოვდივართ გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს არასწორი გაგებაა, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის”.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და მარკეტერი ნუცა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანიის მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სიტყვა “თავისუფლებაზე” მოდის და სწორედ ამიტომ ჰქონდა CROSTY-ს მსგავსი რეაგირება.

„სიტყვა “თავისუფლება” ყველასიაო, კი ბატონო, არ გართმევთ ქროსთი, ოღონდ დღეს ქროსთი ბოტასებს ზუსტად მაგ სიტყვით ყიდის და ქროსთის მარკეტინგი 99% დამოკიდებულია ამ სიტყვაზე. მაღალი კომერციული ღირებულება აქვს, ამიტომაცაა დაპატენტებული და ამიტომაც ეკრძალება ყველას ამ სიტყვის გამოყენებით სხვა პროდუქტის გაყიდვა, თორე სიტყვა “თავისუფლების” გამოყენებას არავინ კრძალავს” – წერს სუბელიანი.

სანამ საკითხი, რომელიმე მათგანის სასარგებლოდ გადაწყდება აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება. როგორც უკვე ვახსენეთ, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ CROSTY-ს ქმედება ამორალურია და ბრენდის ღიებულებას, თავისუფლებას, ეწინააღმდეგება, რადგან მათ მიითვისეს საზოგადო სიტყვა. პირადა ჩვენ, ვიზიარებთ საზოგადოების მოსაზრებას CROSTY-ს ქმედების არარაციონალურობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში CROSTY-ს მხარეს დგას, რადგან მას სიტყვის მისაკუთრების საშუალება მისცა.

საქართველოს კანონში “სასაქონლო ნიშნის შესახებ”, ვკითხულობთ: „განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა”.

ეს დაპირისპირება ნამდვილად სერიოზულია და დიდი დარტყმის მომტანი იქნება ორივე მხარისთვსი. ქროსთიმ კარგად უნდა აწონ-დაწონოს თავისი ღირებულებები, გაიაზროს ის, რომ ადამიანებს ვერ აუკრძალავენ ამ მნიშვნელოვანი სიტყვის გამოყენებას, მითუმეტეს, თუ მესამე პირი საკუთარი დიზაინით აფორმებს მას. ამასთანავე, ქროსთიმ უნდა იზრუნოს ბრენდის განვითარებასა და დიფერენცირებაზე, ისე, რომ მათი წარმატება მხოლოდ ერთ სიტყვაზე არ იყოს დამოკიდებული.