მარკეტინგის გენიოსი “ჩარლი შამპანიური”

ეს სტატია ეხება შამპანიურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს, ჩარლზ ჰაიდსეკს, რომელსაც ამერიკაში „ჩარლი შამპანიური“ უწოდეს. ამ პიროვნების და მისი მამის – ჰენრის სახელებთანაა დაკავშირებული ფრანგული შამპანიურის პოპულარიზება რუსეთის იმპერიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დიდმა ანტრეპრენიორმა დაარსა მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული შამპანიურის მწარმოებელი კომპანია – House of Charles Heidsieck, რომლის ნაწარმი არის ფენომენალური გემოსა და არომატის მატარებელი. ამავე დროს ჩარლი შამპანიურს ეკუთვნის სიტყვები:

„გემოვნებიან კაცს არ აკლია ამბიცია“.

მართლაც ამბიციური პიროვნება გახლდათ „ჩარლი შამპანიური“, მაგრამ ეს თვისება მაინც მამისაგან გამოჰყვა! წარმოიდგინეთ ნაპოლეონ ბონაპარტეს სამხედრო ძალასთან ერთად ის და მისი მამა, საკუთარი შამპანიურით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებს მიუძღვოდნენ და მათთვის სულ-ერთი იყო თუ ვინ დალევდა ამ ძვირფას სასმელს, თავდამსხმელი ფრანგი თუ რუსი, რომელიც საკუთარ იმპერიას იცავდა. როგორც ჩანს რუსებმა ძალიან ბევრი იგემეს შამპანიური მაშინ.

1813 წელს ჩარლის მამა წარუდგა ერთ-ერთ რუს პოლიტიკოსს შამპანიურით ხელში და მას საკუთარი ბრენდი გაასინჯა! არა მარტო მოაწონა, არამედ აღფრთოვანებაც მიიღო რუსი ბარონისაგან. ბობოლა რუსები მაშინ ყველაზე მდიდრებად ითვლებოდნენ და მათმა ხელგაშლილობამ ძლიერ მოხიბლა ჰაიდსეკების ოჯახი!

მამის გარდაცვალების შემდეგ, ჩარლის ქონებას ბიძა მართავდა. დედას უზარმაზარი მიწები ეკუთვნოდა შამპანში და ღვინის ტერუარით განთქმულ სხვა ფრანგულ ტერიტორიებზე.

ტერუარი არის უნიკალური ვენახი, სადაც მართლაც გამორჩეული, ფენომენალური ღვინო მზადდება, სადაც მეღვინე თავად ღმერთია და კაცი არის შემსრულებელი იმისა, რასაც უფალი უბრძანებს და უბოძებს.

1851 წელს ჩარლის მობეზრდა ბიძის ბრძანაბების შესრულება და მან საკუთარი შამპანიურის სახლი დაარსა სახელწოდებით – House of Charles Heidsieck. წამოწყება ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, იმის გამო, რომ ჩარლიმ ბაზრის გაფართოვება და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარი ბრენდისათვის განვითარება დაიწყო!

განსაკუთრებული მომხიბვლელობისა და მიზანდასახულობის წყალობით ჩარლიმ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში შეაღწია! ყველას გაასინჯა საკუთარი შამპანიური. მოაწყო შამპანიური დღეები და ღამეები ვაშინგტონში და საკმაოდ სერიოზული საინფორმაციო მხარდაჭერა შეუქმნა „ჩარლ ჰაიდსეკის სახლს“!

ეს ის პერიოდია როცა ამერიკა სოციალური აფეთქებებითა და სამოქალაქო კონფლიქტებით ცხოვრობს.  როდესაც ამერიკაში სამოქალაქო ომი მომწიფდა – ჩარლი სიტუაციას საფრანგეთიდან ადევნებდა თვალყურს, მაგრამ როგორც კი იგრძნო „დენთის სუნი“ ამერიკაში, მას გაახსენდა მამის ჰენრი ჰაიდსეკის სიტყვები – „მეომარი მხარეები ყველაზე მსხვილად შეისყიდიან ხოლმე, გამოიყენე ომი შვილო…“.

მართლაც, ისე როგორც მამამისი ჰენრი მიუძღვოდა საფრანგეთის იმპერიის არმიას მოსკოვისაკენ 1812 წელს, ზუსტად იმგვარად მოიქცა ჩარლი 1861 წელს და საფრანგეთიდან, შამპანიურებით სავსე გემები დასძრა ამრიკისაკენ. იმ პერიოდში აშშ-ს კონგრესმა გადაწყვიტა იმ ვაჭრებს დახმარებოდა, რომლებიც მის მხარეს იდგნენ. ფაქტიურად ჩარლი შამპანიურმა საკუთარი გადაუხდელი ვალების დაფარვა აშშ-ს საშუალებით მოახერხა და ფათეკარებიანი ცხოვრება განაგრძო.

ის გარკვეულ ამერიკულ სავაჭრო სახლებს შამპანიურს აბრეშუმის სანაცვლოდაც სთავაზობდა, მისი აგენტები ცდილობდნენ მეომარი მხარეებისათვის ბევრი შამპანიური მიეყიდათ. მაგრამ უეცრად თავად „ჩარლი შამპანიური“ ნიუ-ორლეანში, კონფედერაციის არმიის გენერალმა ბატლერმა დააკავა და ჯაშუშობის ბრალდებით ციხეში ჩააგდო.

ეს უკვე ახალი ეტაპია საფრანგეთისა და აშშ-ს ურთიეთობისა.  იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ 1862 წელს პირადად სთხოვა აშშ-ს პრეზიდენტს აბრაჰამ ლინკოლნს  „ჩარლი შამპანიურის“ ციხედან გამოშვება. პროცესი გაჭიანურდა და ბოლოს – სამხედრო ჯაშუშად შერაცხილი შამპანიურის მაგნატი განთავისუფლდა.

აქაც მას საინტერესო გამოცდა ელოდა. აღმოჩნდა რომ გაუსტუმრებელმა ვალებმა შემოსავლებს გადაამეტეს და კომპანია გაკოტრების პირას დადგა. ჩარლი იხსნა მხოლოდ მისმა აგენტმა, რომელმაც გაუსტუმრებელი დავალიანების ნაცვლად ჩარლის კოლორადოს შტატში დიდი მიწა შესთავაზა. უეცრად ამის შემდეგ კოლორადოში „ვერცხლის ციებ-ცხელება“ დაიწყო. რა თქმა უნდა ჩარლიმ კოლორადოს მიწა გაყიდა და ამონაგები ისევ შამპანურის ბიზნესში დააბანდა.

საბოლოოდ “ჩარლი შამპანიურმა” კომპანია გადაარჩინა და მას მსოფლიოში შამპანიურის ყველაზე პრესტიჟული ბრენდის რეპუტაცია მისცა.

დღესაც ჩარლის იმპერიას მისი შთამომავლები განაგებენ, მათ შორის ერთს როგორც დიდ პაპას – ჩარლი ჰაიდსეკი ჰქვია. მათი ბრენდის სამომხმარებლო ფასეულობა ძალიან დიდია. თანამედროვე ბიზნეს სამყაროში შამპანიური ღვინოები და ღვინომასალები საინვესტიციო ფასეულობადაც გამოიყენება. ეს ფაქტორი ფულს იზიდავს და ბრენდს ფასეულობას უათმაგებს.

ჩარლი ჰაიდსეკის გამონათქვამებია:

„გიყვარდეს საკუთარი საქმე, გიყვარდეს ხალხი, შექმენი მათთვის საუკეთესო, იტრიალე საუკეთესოებთან, გაასინჯე თავად, ჩაიწერე შთაბეჭდილებები, მოახდინე გაუმჯობესება, იმათაც კი ვისაც არ მოეწონა, დაუგდე ყური, მათ პირველ რიგში გადაუგზავნე გაუმჯობესებული სასმელები, მოიპოვე უმწიკვლო რეპუტაცია და არ დაიკარგები“

ივანე კერესელი