ინტერვიუ გარემოს დაცვის აქტივისტთან თამარ ჯაყელთან

თამარ ჯაყელს ახალგაზრდა მწვანეებთან ერთად არაერთი ღონისძიება აქვს ჩატარებული გარემოს დასაცავად და იმ მწვანე ნარგავების გადასარჩენად, რაც ასე ძლიერ სჭირდება თქვენს ფილტვებს ძვირფასო თბილისელებო. ამ მეტად გაბედულმა და ნიჭიერმა ადამიანმა დაარსა ასევე ორგანიზაცია „ვინმე“ და მოახდინა ახალგაზრდების მობილიზაცია სლოგანით „გაიფიცე გარემოსათვის“.

თამარ ჯაყელის აქტივშია ბრძოლა დიღმის პარკისათვის, სადაც  მან და მისმა მეგობრებმა სრული გამარჯვება იზეიმეს უპასუხისმგებლო მშენებლების წინააღმდეგ, რომლებსაც დიღმის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება სურდათ.

მალე თამარი სამაგისტრო განათლების მოსაპოვებლად უცხოეთში მიემგზავრება და ამ მიმართულებით მას რამოდენიმე კითხვა დავუსვით:

 

  1. როგორ აირჩიეთ თქვენი საბაკალავრო სწავლების პროგრამა და უნივერსიტეტი?

დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობები და ფილოსოფია ლაფაიეტის კოლეჯში, პენსილვანიაში. უნივერსიტეტის არჩევა როგორც მისმა პრესტიჟულობამ, ასევე საგრანტო პროგრამების არსებობამ განაპირობა. გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ ლაფაიეტმა სრული დაფინანსება მომცა მთელი ბაკალავრიატის მანძილზე, რამაც შესაძლო გახადა ჩემთვის ამერიკაში სწავლა. საბაკალავრო პროგრამა კი ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ავირჩიე. ერთი მხრივ, მაინტერესებდა მსოფლიო მოვლენები პრაქტიკულად, მეორე მხრივ კი მაინტერესებდა იდეების სამყარო, შესაბამისად, double major-ის არსებობა ჩემს კოლეჯში იდეალური აღმოჩნდა ორივე მიმართულებით ცოდნის შეძენისთვის.

 

  1. როგორ აირჩიეთ თქვენი სამაგისტრო პროგრამა და უნივერსიტეტი?

მაგისტრატურას ახლა, აგვისტოს ბოლოს ვიწყებ, ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. უნივერსიტეტი იგივენაირად ავარჩიე – პრესტიჟი და დაფინანსების არსებობა. ლუნდი მსოფლიო ასეულშია, შვედეთის მთავრობა კი საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სრულიად უფინანსებს სწავლას, კონკურსის საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამა, „საზოგადოებრივი ეკოლოგია – კულტურა, ძალაუფლება და მდგრადობა“, ავირჩიე, რადგან ბოლო წლებმა მაჩვენა, რომ გარემოსდაცვითი საკითხები, განსაკუთრებით კი კლიმატის კრიზისი, ჩვენი საუკუნისთვის უმთავრესია. ჩვენ მიერ შემდეგი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე განხორციელებული ქმედებები, როგორც გლობალურად, ასევე ლოკალურად, გადაწყვეტს მთლიანი კაცობრიობის ბედს. ან შევძლებთ ჩვენი მთლიანი გლობალური სისტემის შეცვლას და ისე ცხოვრებას, რომ ჩვენი აქტივობით ნაკლები ზიანი მივაყენოთ პლანეტას და ნაკლები ემისიები ვაწარმოოთ, ან კი წარმოუდგენელი კატასტროფების წინაშე აღმოვჩნდებით. სისტემური ცვლილებებისთვის, მეტი ადამიანი გვჭირდება, რომელსაც ესმის ეს საკითხები და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენებს.

 

  1. თქვენი აზრით, როგორი ადამიანები სჭირდება საქართველოს?

ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურ სარგებელზე კი არა, საზოგადოებრივ საკითხებზე ფიქრობენ. სოლიდარობის გრძნობით, ემპათიით, სამოქალაქო შეგნებით აღვსილი ადამიანები, რომელთაც ადარდებთ, თუ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

 

  1. მონაწილეობდით თუ არა საერთაშორისო კონგრესში / ან / კონფერენციაში ბოლო 5 წლის განმავლობაში?

კი, რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვედი სიტყვით და წარვადგინე კვლევა. ბოლოს 2019 წლის სექტემბერში ვიყავი ახალგაზრდა ევროპელების კონგრესის მომხსენებელი მარსელში.

 

  1. თქვენი აზრით თქვენი განათლების არჩევანი რა შედეგს მოუტანს საქართველოს?

ვიმედოვნებ, რომ შემეძლება ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რომლებიც ძირითადად უკანა პლანზეა გადატანილი ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გარემოსდაცვითი საკითხები უმთავრესად პოლიტიკური საკითხებია, თუმცა ცოტა თუ ხედავს დღეს ამას.

 

 

  1. რა არის თქვენი ჰობი/ გატაცება?კითხვა, გიტარაზე დაკვრა, ლაშქრობა, ფილმების ყურება, ცურვა, თხილამურები.

 

 

  1. რომელი ავტორი/ წიგნი გიტაცებთ განსაკუთრებით?

მილან კუნდერა, „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“.

 

  1. დამოკიდებული ხართ თქვენ ოჯახზე თუ ხართ დამოუკიდებელი?

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახთან ვცხოვრობ, უკვე 16 წლის ასაკიდან საკუთარი შემოსავალი მაქვს. ბოლო სამი წელია, ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი ვარ.

 

  1. ცდილობთ თუ არა ახალი იდეები შემოიტანოთ ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით რომელი?

კი, მუდამ. ვცდილობ, პოპულარიზება მოვახდინო განსაკუთრებით გარემოსდაცვითი და ფემინისტური საკითხების, ასევე ზოგადად აქტივისტური, მოხალისეობრივი, პოლიტიკური საკითხების. ჩემთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების, ღიაობის, მულტიკულტურულობის იდეები.

დიდი მადლობა თამარ თქვენი პასუხებისათვის.  მინდა გისურვოთ წარმატება, როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე ასევე პირად ცხოვრებაში.

ივანე კერესელი