როგორ შეიმუშავეს “დისტანციური მარკეტინგი” ცნობილმა კვების ობიექტებმა, პანდემიის მძვინვარების პერიოდში?

რამდენი ხანი გაგრძელდება კიდევ პანდემია?! როდემდე მოუწევს საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობასა თუ თვითიზოლაციაში ყოფნა?!

ეს ის კითხვებია, რომლებიც ორი თვის წინ არც კი არსებობდა. დღეს ეს განვითარებული მსოფლიო უიარაღო, უმართავი გენოციდის მსხვერპლია. მსოფლიო ომებისა და 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ალბათ ყველაზე საშინელი, მძიმე, ტრაგიკული და მუქი პორტრეტი შეიქმნა. საუბედუროდ, ვირუსმა არა მხოლოდ 13,642 ადამიანის, არამედ მრავალი რისკებდაუზღვეველი, მოუმზადებელი, ახალბედა თუ წარმატებული კომპანიისა და ფირმის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამაც, რასაკვირველია, მსოფლიოს ეკონომიკაზე სავალალო გავლენა იქონია, რასაც ადასტურებს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვები: “კორინავირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს აბსოლუტური გლობალური რეცესია, თუ იგი არ იქნება დროზე შეჩერებული”.

COVID-19-ის გავრცელება რამდენადაც მძიმე, იმდენად საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა ცნობილი კორპორაციების მარკეტოლოგებისთვის.დღეს მინდა ვისაუბრო თუ რა გამოსავალი იპოვეს ისეთმა წარმატებულმა საკვებმა ობიექტებმა,როგორებიცაა “მაკდონალდსი”, “საბვეი” და ა.შ.ვფიქრობ,მათ მარკეტინგულ, ახალ, დისტანციურ და უსაფრთხო სტრატეგიებს ძალიან შეეფერება ძველი იაპონური გამონათქვამი: ,,ვისაც სიმაღლეზე ასვლა უნდა, ის კიბესაც გამოიგონებს”. მაგალითად, განვიხილოთ მაკდონალდისეული მარკეტინგული ბრძოლა პატარა,მაგრამ დაუნდობელი ვირუსის წინააღმდეგ. მაკდონალდსმა გამოსავალი დისტანციურ მომსახურებაში დაინახა და მომხმარებელთა უსაფრთხოების დასაცავად საკუთარ გვერდზე შემდეგი “წესები” გამოაქვეყნა:

  • “ანგარიშსწორებას ახდენს ცალკე ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია თანხის გადახდისა და ინვენტარის დასუფთავება/დეზინფექციის პროცესებზე;
  • დარბაზის გარეთ არის პირბადით და ხელთათმანით აღჭურვილი თანამშრომელი, რომელიც იღებს შეკვეთას სწრაფი შეკვეთის აპარატიდან. პირბადე და ხელთათმანი იცვლება 1 საათში ერთხელ;
  • სწრაფი შეკვეთის აპარატს უტარდება დეზინფექცია რეგულარულად;
  • თანამშრომელი თქვენი სურვილის მიხედვით მოახდენს უნაღდო ანგრიშსწორებას ტერმინალზე, რომელსაც ასევე რეგულარულად უტარდება დეზინფექცია რეკომენდირებული ხსნარებით. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში გადაგამისამართებთ მომსახურების სალაროსთან;
  • რეგულარულად ვწმენდთ სალაროს და სხვა ინვენტარს სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით;
  • სტუმართან მომსახურების შემდეგ თანამშრომლები იტარებენ ხელების დეზინფექციას რეკომენდირებული ხსნარით.თითოეული პროდუქტი თავსდება შესაბამის ზომის პარკში და შემდეგ ვაწვდით სტუმარს. რეგულარულად იწმინდება გაცემის ფანჯარასთან არსებული ყველა ზედაპირი სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;
  • ჩვენი სტუმრებისთვის მოლებში შეკვეთას ვამზადებთ მხოლოდ წასაღებად.უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით და ჯანდაცვის ორგანოების მოთხოვნის გათვალისწინებით, დასაჯდომი ადგილებით სარგებლობა დროებით არ დაიშვება. შეკვეთა სტუმარს გადაეცემა ფიზიკური კონტაქტის გარეშე.”

ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო “მაკდონალდსის” განახლებულ, კრეატიულ, მხიარულ ლოგოზე, რომლის მოტივიც,რა თქმა უნდა, ერთმანეთის გაფრთხილება და დისტანციის დაცვაა.

უმოქმედობას არც საბვეი „Subway” შეეგუა და კონკრეტული ცვლილებები შეიტანა მის მომსახურებაში და კვლავ განაგრძო კონკურენცია სხვადასხვა ფირმებთან.

საბვეის ბრენდი, ისევე როგორც ფრენჩაიზინგის პრიციპზე მომუშავე რესტორნების ქსელი, სრულად უჭერს მხარს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების გადაწყვეტილებებს. ისინი დაკვირვებით ადევნებენ თვალს რეკომენდაციებს და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომას იღებენ.

  • ზოგიერთი რესტორანი შესაძლოა დაიკეტოს, დანარჩენი კი მხოლოდ თან წაღების (Take away) და/ან ადგილზე მიტანის შეკვეთებს
  • თან წაღებისა და ადგილზე მიტანის შეკვეთების მომზადებისას რესტორნებში დაიწყეს სპეციალური უსაფრთხოების პროცედურების დაცვა. თანამშრომლები იყენებენ სერტიფიცირებულ ანტი-ბაქტერიულ საპონს.
  • ყველა შეკვეთას თანამშრომლები ერთჯერადი ხელთათმანებით ამზადებენ.
  • რეგულარულად უტარებენ დეზინფექციას სამზარეულოს, დახლს და ყველა იმ ადგილს, რომელსაც თანამშრომლები ხშირად ეხებიან.
  • მუდმივად ხდება თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
  • საბვეი მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ანგარიშსწორება მოახდინონ მხოლოდ ბარათით.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ახალბედა ქართულმა კომპანიამ “გლოვომ”, რომელიც მოიცავს კვებით ობიექტებთან მიმოსვლას, მოვლენებს არ ჩამორჩა, საინტერესო მარკეტინგული ნაბიჯი გადადგა და თვითიზოლაციის პოპულარიზების მიზნით მომხმარებელს სახლიდან შეკვეთილ პროდუქციაზე 20%-იანი ქეშბექი შესთავაზა.

კარგის სიახლეა, რომ ამ რთული და სტრესული სიტუაციის მიუხედავად, კომპანიები მაინც ახერხებენ მოძრაობას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობას. სამყარო სავსეა გაუთვალისწინებელი შემთხვევებით, ამიტომ ვფიქრობ,რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნესმა წინასწარ უნდა წარმოიდგინოს და გაიაზროს ისეთი რისკები, რომლებიც შეიძება მოულოდნელად ბუნებამ დაატეხოს თავს. ისინი მზად უნდა იყვნენ სწრაფ რეაგირებისთვის და მრავალი “მარკეტინგული ინოვაციის” გამოგონებისთვის, როგორც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები დიდი ქართველი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე იტყოდა: “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…”(პ.ს არა მარტო ქვეყნის, არამედ ყველაფრის).

 

ავტორები: მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამა