რა არის განსხვავება რეკლამასა და პრომოციას შორის?

იმისათვის, რომ რეკლამის ადგილი და როლი დავინახოთ, ჩვენს საკუთარ ბიზნესში, იქნებ ჯობდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა შევისწავლოთ. როგორც ვიცით ლათინური სიტყვა reclāmāre – შეპასუხებას და ხმამაღლა, ყვირილით აზრის გამოხატვას ნიშნავს. საინტერესოა ინგლისური სიტყვის advertising-ის ლათინური წარსული. თუ ამ ეტიმოლოგიურ გზას გავყვებით აღმოვაჩენთ რომ advertere – „რაღაცისკენ შემოტრიალებას“ ნიშნავდა.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და მთლიანობაში მედია სავსეა სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო გზავნილით. როგორ განვასხვავოთ თუ რომელია უფრო რეკლამა და რომელი პრომოცია ? როგორ მოვახდინოთ სწორად შერჩევა მომხმარებელთან კომუნიკაციის იმ ფორმის, რომელიც განსაკუთრებით წაადგება ჩვენს ბიზნესს.

ამისათვის ეხლა სიტყვა Promotion -ს ვეწვიოთ და მის ლათინურ საფუძლებში ჩავიხედოთ. უძველესი საფუძველი ასე გამოიყურება – promovere , რაც ნიშნავს „გააგრძელე სიარული“ ანუ „იმოქმედე, გადაწყვიტე და გაიარე“ გეუბნება თითქოს ეს სიტყვა და კარზე მომდგარი „ტროის ცხენივით“, შენს საკუთრებაში აპირებს შემოჭრას იმ ახალი საქონლით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მომღიმარი სიმპატიური ქალბატონი გთავაზობს, სხვადასხვა საჯარო შეკრების ადგილას.

შესაბამისად, რეკლამა მომხმარებლისათვის გახლავთ „შემოტრიალება რაღაცისკენ“, ხოლო პრომოცია არის საბოლოო გადაწყვეტილების სწრაფი მიღება.

აქედან გამომდინარე თავიდან, როდესაც ჩვენს პროდუქტს ან ბრენდს საზოგადოებრივი ცნობიერება სჭირდება, უნდა გამოვიყენოთ რეკლამა ანუ ADVERTERE. შემდგომ როდესაც უნდა მოუმატოთ გაყიდვებს სჯობს მივმართოთ პრომოციას და უთხრათ ჩვენს მომხმარებლებს – „გადაწყვიტე და გაიარე“.

დღეს მსოფლიოს საკომუნიკაციო საშუალებები სავსეა უამრავი გზავნილით. თუ მათი განსხვავება გვინდა, იმისათვის რომ გავიგოთ თუ რომელია რეკლამა და რომელია პრომოცია სჯობს დავსვათ კითხვა – რას ემსახურება ესა თუ ის მარკეტინგული ქმედება, ვიდეო, ფილმი, ბანერი, წარმოდგენა, პერფორმანსი, ორატურული გამოსვლა, ციფრული ქმედება. დიახ ასე დავსვათ კითხვა: რას ემსახურება ეს საკომონუკაციო მარკეტინგული საინფორმაციო გზავნილი, ცნობადობის ამაღლებას თუ გაყიდვებს.

თუ ის ემსახურება ცნობიერების შექმნასა და ამაღლებას მაშინ მას რეკლამა უნდა ვუწოდოთ.

თუ ის ემსახურება გაყიდვებს მაშინ იგი არის პრომოცია.

ბიზნესის ეფექტურობისათვის, დრომოცვალეობით უნდა გამოვიყენოთ რეკლამა და პრომოცია, რადგანაც ეს სერიოზული ინსტრუმენტებია და ისინი ღრმად უნდა იქნეს შესწავლილი.

ეხლა რამდენი ტიპის რეკლამას ვიცნობთ. გამომდინარე ცნობილი ექსპერტის ლარი პერსის შრომებიდან რეკლამა არის 4 ტიპის:

  • COBA (consumer oriented brand advertising) მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდის რეკლამა;
  • საცალო ქსელის შესახებ, ასევე საცალო ქსელში გამოყენებული პროდუქტების რეკლამა;
  • B2B ბიზნესთაშორისი რეკლამა, რომელიც სხვადასხვა საწარმოებს ერთმანეთის შესახებ წარმოდგენას და ცნობიერებას უქმნის;
  • კორპორაციული რეკლამა, რომელიც პირველ რიგში კორპორაციებს, კომპანიებს აცნობს მომხმარებელს.

პრომოცია თავის მხრივ ასევე შემდეგ ტიპებად შეიძლება დაიყოს:

  1. სამომხმარებლო პრომოცია, რომელიც ხორციელდება, პრომო-აგენტების, პრომო-ადამიანების, პრომო – რობოტების, კუპონების, ბონუსების, ან თაროზე განთავსებული სპეციალური ინტრუმენტების – დროშების, ბანერების, წარწერების, მხიარული კაცუნების დახმარებით და ისინი მყისიერ შეძენაზე არიან ორიენტირებული. ისინი მუდამ„ესაუბრებიან“ მომხმარებელს.
  2. საცალო ვაჭრობის დროს განხორციელებული პრომოცია. სადაც ასევე მოქმედებენ პრომოციის ინსტრუმენტები, ამ მხრივ საცალო ვაჭრობის პრომოცია წააგავს სამომხმარებლო პრომოციას.
  3. სავაჭრო პრომოცია, რომელიც ითვალისწინებს, კორპორაციის სავაჭრო პოლიტიკას თავისი ფასდაკლებებით და ჯილდოებით, განხორციელებულ გამოფენებს, შოუს, სადისტრიბუციო პოლიტიკაში იმპლემენტირებულ ფასდაკლების პოლიტიკას, დისქაუნტს, მერჩანდაიზინგს და სხვას.

ქართულ ბიზნესში სამწუხაროდ ჯერაც სიტყვა პრომოციას ხმარობენ უფრო ზოგადი მნიშვნელობით, ხოლო რეკლამას იყენებენ უფრო მარკეტინგის გაგებით. ამიტომაც უნდა საბოლოოდ გავიგოთ, რომ რეკლამა და პრომოცია, თქვენი ბიზნესის განვითარების სრულიად განსავავებული ინტრუმენტებია, რომელთა გამოყენება განსხვავებულ ბიზნეს სიტუაციებში, სხვადასხვა შედეგს მოგვცემს და ეს წინასწარ უნდა დავგეგმოთ.

ავტორი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი