თვისებრივი მარკეტინგული კვლევა საქართველოს ჩაის ბაზარზე

ტარიელ ქებაძე, IBSU, მარკეტინგი

მარკეტინგული კვლევა მარკეტოლოგების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. ეს არის ორგანიზაციის სპეციფიკურ მარკეტინგულ სიტუაციასთან დაკავშირებული მონაცემების სისტემური შეგროვება, ანალიზი და მოხსენების მომზადება. მარკეტინგული კვლევა საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას აძლევს მარკეტოლოგებს, როგორიცაა: მყიდველთა კმაყოფილებისა და შესყიდვის ქცევის გაგება, ბაზრის პოტენციალისა და საბაზრო წილის შეფასება, ფასწარმოქმნის, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის გაზომვა და სხვა. მარკეტინგული კვლევის პროექტს შესაძლოა სამი სახის მიზანი ჰქონდეს. აღმოჩენითი კვლევის მიზანია წინასწარი მონაცემების შეგროვება, რაც პრობლემის განსაზღვრისა და ახალი ჰიპოთეზების შეთავაზების საშუალებას იძლევა. აღწერითი კვლევის მიზანია, აღწეროს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბაზრის პოტენციალი ან მომხმარებელთა პროდუქტისადმი დამოკიდებულება. მიზეზშედეგობრივი კვლევის მიზანი კი მიზეზსა და შედეგს შორის ურთიერთობის ჰიპოთეზების შემოწმებაა. საქართველოს ჩაის ბაზრის შესწავლისთვის სწორედ აღწერითი კვლევა დაგვეხმარება. ამ სახის კვლევისათვის მონაცემების შესაგროვებლად საუკეთესო მიდგომა გამოკითხვის მეთოდის გამოყენებაა. მარკეტოლოგს ხალხის ცოდნის, დამოკიდებულების, უპირატესობების ან შესყიდვის ქცევის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ხშირად პირდაპირი გამოკითხვების საშუალებით შეუძლია. გამოკითხვის მთავარი უპირატესობა მოქნილობაა – მისი გამოყენება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში და ბევრი სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ვიდრე ჩემ მიერ ჩატარებულ თვისებრივ კვლევას წარმოგიდგენთ, მოკლედ ვისაუბრებ იმ მეორეულ კვლევაზე, რომელიც „ბიზნეს ექსპლორერის“ კვლევის მიხედვითაა შედგენილი. ამ კვლევის თანახმად მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია: ფერის მიხედვით – შავი ჩაი, დაფასოების მიხედვით – ჩაი ერთჯერად პაკეტებში. საშუალო მომხმარებელი ჩაის არჩევს საკუთარი გამოცდილებით, შემდეგ რიგში კი სხვისი რჩევით. ამავე დროს, ჩაის მოხმარება ზამთარში დაახლოებით 1,35-ჯერ მეტია, ვიდრე ზაფხულში. ჩაი უმეტესად ოჯახთან, მოსვენებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება. ყველაზე მეტ ჩაის მომხმარებელი მიირთმევს ოჯახში, შემდეგ – სამუშაო ადგილზე. ჩაი ყველაზე ხშირად და მეტი რაოდენობით იყიდება მყიდველთა ახლოს მდებარე მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.

თვისებრივი მარკეტინგული კვლევის ჩასატარებლად სამეგობრო წრიდან 5 ადამიანი შევარჩიე, რომლებსაც უყვართ ჩაი. სხვადასხვა ბრენდისადმი მათი დამოკიდებულების გასაგებად შევარჩიე 4 ბრენდის ჩაი, 2 ქართული წარმოების („გურიელი“ და „მანნა“), ორიც უცხოური წარმოების („AHMAD TEA“ და „Greenfield“). პირველ ეტაპზე გადავწყვიტე შემესწავლა მათი დამოკიდებულება ქართული ბრენდების მიმართ. მას შემდეგ რაც ხუთივემ დააგემოვნა ორივე ბრენდის ჩაი, სამმა მათგანმა უპირატესობა მიანიჭა „გურიელს“, ხოლო ორმა „მანნას“. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ შედეგს ველოდი, რადგან 2017 წელს დაარსებული „მანნა“ უფრო ახალგაზრდა ბრენდია 2010 წელს დაარსებულ „გურიელთან“ შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს, „გურიელს“ უფრო მეტი გამოცდილება აქვს ქართულ ბაზარზე და უფრო მეტად ჰყავს ქართველი მომხმარებელი შესწავლილი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „მანნა“ დღითიდღე ცდილობს გაზარდოს წილი ქართულ ბაზარზე და მეტი სიახლე მიაწოდოს საზოგადოებას. ქართული ბრენდების დაგემოვნების შემდეგ, შევისწავლე კვლევაში მონაწილე ადამიანების დამოკიდებულება უცხოური ბრენდების ჩაის მიმართ. ამ შემთხვევაში ოთხს მეტად მოეწონა „AHMAD TEA“, ხოლო ერთმა უპირატესობა „Greenfield“-ის ჩაის მიანიჭა. ამ შემთხვევაშიც დიდი ალბათობით იგივე პრინციპი მოქმედებს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე „AHMAD TEA“-ს ჩაი შედარებით მაღალი ხარისხითა და გამოკვეთილი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ აირჩია კვლევაში მონაწილე ადამიანთა უმრავლესობამ ის. რაც შეეხება მათ ემოციურ და მგრძნობიარე დამოკიდებულებას, ამ შემთხვევაში სრულად მართლდება „ბიზნეს ექსპლორერის“ კვლევის შედეგები: თითოეული მათგანისთვის ჩაის დალევა სიმშვიდესა და განტვირთვასთან ასოცირდება.

მას შემდეგ რაც გავიგე, ამ მცირე რაოდენობის ადამიანებისგან შექმნილი ამონაკრების დამოკიდებულება ჩაის ბრენდების მიმართ, მათ დავუსვი ისეთი სახის კითხვები, რომლებიც დამატებით ინფორმაციას მომცემდა იმის შესახებ თუ რას აქცევენ ყურადღებას ჩაის შეძენისას, რამდენად ხშირად მოიხმარენ ჩაის, რის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან ჩაის შეძენისას, ადგილობრივი წარმოების ჩაი ურჩევნიათ თუ იმპორტული და ა. შ. მიღებული შედეგები შევაჯამე და ქვემოთ დაწვრილებით წარმოგიდგენთ, თუმცა იქამდე ვიტყვი, რომ მართალია მოცემული ამონაკრები სულ 5 ადამიანისგან შედგებოდა (გასათვალისწინებელია მიმდინარე ვითარება ვირუსის თვალსაზრისით), თუმცა მასში შედიოდნენ ასე თუ ისე განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანები, ამიტომაც კვლევის შედეგებში დიდი ცდომილება არ უნდა იყოს რეალურ სიტუაციასთან შედარებით. რაც შეეხება კვლევის შედეგებს: რესპოდენტები ყველაზე მეტად მგრძნობიარენი არიან ჩაის ხარისხის მიმართ, მათთვის სწორედ ხარისხის გაუარესებაა ის ფაქტორი, რის გამოც აღარ შეიძენენ ჩაის. ჩაის თვისებების მხრივ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ მის გემოსა და არომატს. ჩაის მოხმარების მხრივ ყველაზე პოპულარული ადგილი არის საცხოვრებელი სახლი. ჩაის ტიპებიდან გამოირჩა შავი ჩაი. რაც შეეხება დაფასოებას, ისინი უპირატესობას ერთჯერად პაკეტებს ანიჭებენ. და ბოლოს, რესპოდენტებს შორის განსაკუთრებით მოთხოვნადი ადგილობრივი წარმოების ჩაია, ვიდრე იმპორტირებული.

საბოლოოდ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაის საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ქართველი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გემოვნური თუ არომატული თვისებების გამო. ამიტომ ამ ბაზრის შესწავლა დიდი მოცულობის ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორი ემოციური ან მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ მომხმარებლებს ჩაის მიმართ. ქართული ჩაის ბრენდების მარკეტოლოგები ამგვარი მარკეტინგული კვლევების ჩატარებით დიდ დახმარებას გაუწევენ კომპანიებს, რათა განავითარონ წარმოება და უფრო დიდი წილი დაიკავონ ქართულ ბაზარზე.