ობსერვაცია მარკეტინგში
ტარიელ ქებაძე, IBSU, მარკეტინგი
დაკვირვება მარკეტინგული კვლევის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დროსაც ხდება პირველადი მონაცემების მოპოვება შესატყვის ხალხზე, ქმედებებსა და სიტუაციებზე დაკვირვებით. მაგალითად, შეფუთული სამომხმარებლო საქონლის მარკეტოლოგი შესაძლოა ეწვიოს სუპერმარკეტს და დააკვირდეს მაღაზიაში მოხეტიალე მყიდველებს – თუ როგორ ეძებენ თავიანთთვის საჭირო საქონელს, როგორ ამოწმებენ შეფუთვას, რას აკვირდებიან საქონლის შერჩევისას და როგორ იღებენ შეძენის გადაწყვეტილებას. დაკვირვების ამ მეთოდს ეთნოგრაფიული კვლევა ეწოდება, ანუ მკვლევარები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიას წარმოადგენენ, მომხმარებლებს მათსავე „ბუნებრივ გარემოში“ აკვირდებიან, რათა უკეთ შეისწავლონ როგორ იყენებენ და რას ფიქრობენ ისინი განსაზღვრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. ამ ტიპის კვლევის საშუალებით ხშირად ისეთი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, რომლის გადმოცემა მომხმარებელს ან არ სურს, ან არ შეუძლია.
სწორედ დაკვირვებითი კვლევა გამოვიყენე, რათა შემესწავლა თუ როგორ მოქმედებენ მომხმარებლები პურის ბაზარზე, რომელ პურს ანიჭებენ უპირატესობას, რას აკვირდებიან პურის შერჩევისას და ა. შ. პური ადამიანებისთვის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რადგან ის ორგანიზმს ნახშირწყლებით ავსებს და ენერგიით ამარაგებს, ამიტომ აუცილებელია იმის გაანალიზება, თუ რას აქცევენ ყურადღებას მომხმარებლები ამ პროდუქტის შეძენისას. სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპარში“ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვაკვირდებოდი მომხმარებელთა ქცევას. მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ შეიძინა პური და ახლა სწორედ ამ კვლევის შედეგებს წარმოგიდგენთ. მომხმარებლებზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ მათ უმრავლესობას წინასწარ აქვთ განსაზღვრული, თუ რომელი პური უნდა შეიძინოს, რადგანაც ისინი პურის დახლთან დიდხანს არ ჩერდებოდნენ, მაშინვე იღებდნენ „იფქლის“ „თეთრ ბატონს“ და კალათაში ათავსებდნენ. მომხმარებელთა მეორე ნაწილი უპირატესობას „ლიტვურის“ შავ პურს ანიჭებდა. მეტად სავარაუდოა, რომ ამ კატეგორიაში ის მომხმარებლები ერთიანდებიან, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, რადგან თუ ექიმებს დავუჯერებთ, ჭვავის, ე. წ. შავი პური თეთრ პურზე მეტად სასარგებლო და ჯანსაღია. მომხმარებლებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, თუმცა საკმაოდ ცოტა რაოდენობით, რომლებსაც წინასწარ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი რომელ პურს შეიძენდნენ. ისინი 30-40 წამის განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა სახეობის პურს, საბოლოოდ კი არჩევანი ნაწილმა „იფქლის“ დაჭრილ პურზე, ნაწილმა კი „იფქლის“ თეთრ ბატონზე შეაჩერა.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსხვავებული გემოვნებისა და სურვილების მიუხედავად, ადამიანების დიდი ნაწილი პურს ერთ-ერთ აუცილებელ პროდუქტად მიიჩნევს, ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევენ მისი შერჩევის პროცესს. დაკვირვებითი, იგივე ეთნოგრაფიული, კვლევა კი არაჩვეულებრივი საშუალებაა მარკეტოლოგებისთვის, რათა მარტივად დაადგინონ, რომელი სახეობის პურს ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას და ამის მიხედვით დაეხმარონ კომპანიას წარმოების პროცესის აგებაში.