მარველი – იდეალურთან მიახლოებული ბრენდირებული სახლი

მე ბავშვობიდან მარველის უდიდესი გულშემატკივარი ვარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბრენდმა ბავშვობა მაჩუქა. 2008 წლიდან მოყოლებული ის გახდა ჩემი შთაგონების წყარო. მიყვარს მარველის კინო სამყარო და ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ამ სამყაროში მოვხვედრილიყავი, მის პერსონაჟებთან ერთად გავიზარდე და ამ ბრენდზე საკმაოდ ბევრი შევისწავლე. მე 19 წლის ვარ და მსოფლიოში მილიონობით ჩემი თანატოლი ასე ფიქრობს. ამ ბრენდის კრიტიკა არ წყდება, უამრავი ცნობილი რეჟისორი მიიჩნევს, რომ მისი პროდუქცია მხოლოდ გასაყიდი საქონელია და საბაზრო პროდუქტია, რომელსაც დიდი მოგება მოაქვს კომპანიებისთვის. მსგავსი ფილმები, მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრია და არაფერი ესაქმებათ კინოხელოვნებასთან. მაგრამ არის კი ეს ყველაფერი სწორი?

დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ მარველის თაყვანისმცემელი ვარ, სრულიად სამართლიანად შემიძლია განვაცხადო, რომ ისტორია, რომელიც მან დაწერა გასაოცარია. Marvel studios გახდა შეუცვლელი, შექმნა სუპერგმირების სამყარო და მოახდინა ამ ყველაფრის ფილმებში გარდასახვა. 11 წლის განმავლობაში გადაიღო სხვადასხვა დამოუკიდებელი ფილმი და იდეალურად მოახერხა ამ ფილმების ერთმანეთთან დაკავშირება. მივიღეთ “შურისმაძიებლები”, ბრენდი, ფრენჩაიზი, ფილმი რაც გნებავთ ის უწოდეთ, რომელიც ყველა სუპერგმირს აერთიანებს. მხოლოდ ეს ფაქტიც კი საოცარია, როგორ შეიძლება აქ არ გაგვახსენდეს ისეთი უმთავრესი ადამიანური ღირებულებები და ღირსებები, როგორიცაა მოთმინება და შორსმჭრეტველობა. ნებისმიერ ბრენდს კინოინდუსტრიაში თუ მის ფარგლებს გარეთ, შეუძლიათ ისწავლონ მარველისგან თუ, როგორ იპოვონ საკუთარი წარმატების გზა და შემდგომ როგორ მოახდინონ მისი მატერიალიზაცია. როგორ მივიდნენ ისინი აქამდე? რა გზა გაიარეს მათ? რას ნიშნავს აჯობო საკუთარ ბრენდს?

უმარტივესი კითხვა: რა შეძლო Marvel-მა?

“შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული“ არის მარველის “საოცრებათა” სამყაროს კულმინაცია და გრანდიოზული ფინალი 11 წლიანი ისტორიისა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ მოახერხა და გამოუშვა 21 ერთმანეთთან დაკავშირებული ფილმი, რამაც ჯამური მოგება 14 მილიარდამდე მიიყვანა. დიახ არ მოგესმათ, საუბარია მილიარდებზე და კინოინდუსტრიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმზე. მარველის პირდაპირი კონკურენტი ყოველთვის იყო “DC”. ჩვენ გვახსოვს “ძველი მარველი”-ს ფილმები “ადამიან-ობობაზე”, ეპიკური ისტორიები “X ადამიანებზე” და მაინც ეს ყველაფერი იყო 2008 წლამდე და სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ კინოინდუსტრია გაიხსენებდა ფილმების ჟანრს, რომელიც ყველას გადაშენებული ეგონა. ამ დროს შეიქმნა “მარველის კინოსამყარო”, რომელსაც მისი ფანები გამოსახავენ, როგორც “MCU”. ეს სამყარო იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ გაიღო სრულიად ახალი კარი. პირველი ფილმი იყო “რკინის კაცი”, დამეთანხმებით იმაში, რომ რობერტ დაუნი უმცროსის გენიალურმა შესრულებამ თავად სუპერგმირიც კი ბრენდად აქცია. ფილმის ერთერთ სცენაში ვხედავთ თვით ილონ მასკს და ეს სიმბოლურიცაა. რკინის მეომარი თავისი ულტრათანამედროვე იარაღებით და ამავდროულად მილიარდელი გენიოსი ტონი სტარკი, სწორედ რომ მასკის გამოსახვაა. ამ საკითხზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოდი დავუბრუნდეთ მარკეტინგს. Marvel Studios- მა თავისი თავი გადააქცია მნიშვნელოვან ბრენდად და შექმნა მნიშვნელობა, ფასეულობა მომხმარებლისთვის. დამეთანხმებით, რომ მომხმარებლისთვის ფასეულობის მინიჭება მარკეტინგის ოქროს გასაღებია. თუ ბრენდი ერთ მშვენიერ დღეს გაქრება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხმარებელი გააგრძელებს მასზე ზრუნვას. მარველმა ასე ვთქვათ “აიძულა” თავისი მომხმარებელი, რომ ეზრუნა მასზე და მის გვერდით ყოფილიყო. Marvel Studios შეიმქნა იმის გამო, რომ სხვა კინო სტუდიებს არ ჰქონოდათ ლიცენზია მის სუპერგმირებზე, ყველაფერი მოეწყო ისე, როგორც მათ სურდათ და აგრეთვე მათ ერთგულ არმიას. ამასობაში სტუდიაც ბრენდად იქცა და სუპერგმირებიც. მათ ხალხს დაანახეს, რომ ზრუნავდნენ საკუთარ პროდუქტზე, აირჩიეს მოქმედების ნელი და ამავდროულად ეფექტური ტემპი. რეჟისორებს დაავალეს პერსონაჟები დაეკავშირებინათ მომხმარებლებთან, როგორც ძველი საუკეთესო მეგობარი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი იზრდებოდა მის საყვარელ პერსონაჟებთან ერთად წლების განმავლობაში. უამრავი ადამიანი ოცნებობს სუპერგმირობაზე, ბევრი მათგანი იღებდა მაგალითს თავიანთი საყვარელი გმირისგან, ასე ხალხი ხედავდა, რომ კომპანია მათზე ზრუნავდა, იწერებოდა ისტორია და მომხმარებელი თავს ამ “მოთხრობების” ნაწილებად ხედავდა. სწორედ ეს ფასეულობა უბოძა ბრენდმა თავის მომხმარებელს და მიიღო საკმაოდ რთულად მოსაპოვებელი სიამოვნება – ერთგულება. პირველი ფილმი ფაქტიურად იყო მისიის განაცხადი, ანუ საქმიანობის მიზანი და რისი მიღწევა სურდათ მათ რეალურად.

 ეკოსისტემა, ანუ უწყვეტი პერსპექტივა

ბრენმდა შექმნა მთლიანი ეკოსისტემა, რამაც კრიტიკოსები დაადუმა. თვალშისაცემი ფაქტია, რომ მოწვეული რეჟისორები ხშირად იცვლებოდა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ისტორიის მთლიანობა მაინც არ დაირღვა. ეს შედეგი მოიტანა მკაცრმა ტექნიკურმა კონტროლმა და მარკეტინგულმა სტრატეგიებმა. ეკოსისტემა მოიცავს ფილმების და სერიალების რეგულარულად გამოშვებას წლების განმავლობაში. მსგავსი პრეცენდენტი კინოსამყაროს არ ახსენდება. ეს საკმაოდ რისკიანია, ვინაიდან, როდესაც 20 წელი სისტემატიურად უშვებ ფილმებს და სერიალებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია არსებობს იმის ალბათობა, რომ მომხმარებელს მობეზრდეს და ინტერესი გაუქრეს შენს მიმართ. მაგრამ “ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს. ” Marvel Studios-მა ჩამოაყალიბა პერსონაჟთა ბიბლიოთეკა, რომ ეჩვენებინა განსხვავებული პერსპექტივები და ისტორიები, სწორი მარკეტინგული კამპანიებით კი შეძლეს ამ ფილმების დიფერენცირება და შეფუთვა. ვგულისხმობ იმას, რომ “კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი” იყო ჯაშუშური ტრილერი და მის გაგრძელებაში ვხედავთ პოლიტიკურ სიუჟეტებს. “ადამიანი-ობობა: სახლში დაბრუნება” იყო ასაკობრივი ფილმი და ატარებთა გასართობ ხასიათს. “თორი რაგნაროკი”, კომედია, რომელიც განსხვავდებოდა თორის წინა 2 ფილმისგან, აქ ვხედავთ პერსონაჟის განვითარებას და სრულიად განსხვავებულ სიღრმეებს და ხიბლს. “შავი პანტერა”, გვიჩვენებს აფრიკული კულტურის სილამაზეს და ეს ყველაფერი თავმოყრილია გამოგონებულ ქვეყანაში, ვაკანდაში. “კაპიტანი მარველი”, ფილმი, რომლითაც არ დაიჩაგრნენ სუსტი სქესის წარმომადგენელი და ვიხილეთ უძლიერესი სუპერგმირი, რომელიც არის ქალი. ამ ყველაფერში კარგად ვხედავთ სფეროების დიფერენცირებას და ჩანაფიქრს, რომელიც მუდმივად განახლებადი და სხვადასხვა სახის პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს. აქ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ “Apple”. მას აქვს შემდეგი პროდუქტები: iPhone, iPad, Apple Watch, Apple TV, MacBook. ყველა მათგანს განსხვავებული როლი აქვს, თუმცა მუშაობს, როგორც ერთი მთლიანი ეკოსისტემის ნაწილი. აქ მინდა გავაკრიტიკო მისი პირდაპირი კონკურენტი “DC”, რომელიც წლების განმავლობაში ამყარებდა თავის იმედებს მხოლოდ 2 სუპერ-ბრენდზე: “სუპერმენზე” და “ბეტმენზე”, მათ გამოუშვეს მთლიანი ფილმი სხვადსხვა სუპერგმირების ჩართულობით ისე, რომ მათი წინარე ისტორია კინოინდუსტრიაში არ ჩამოუყალიბებიათ, ვიმეორებ ამას მარველმა მარკეტინგული კუთხით და არამარტო, 11 წელი მიუძღვნა.

ხელმძღვანელი, როგორც ბირთვი

ყველა წარმატებულ ბრენდს აქვს ხედვა და ხერხემალი. ვგულისხმობ ვინმეს ვის ხელშიც არის მართვის სადავეები, გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც არის კომპანიის ბირთვი და მამოძრავებელი ძალა. მას შეუძლია დაინახოს მთელი სურათი და გასცდეს ჩარჩოებს და ამასთან ერთად მცირე დეტალებსაც კი აქცევდეს ყურადღებას. თუ ამაზონის შემთხვევაში ასეთი ადამიანი არის ჯეფ ბეზოსი, Marvel Studios-ს შემთხვევაში არის პრეზიდენტი კევინ ფეიჯი.

ის არის გენიალური ადამიანი, რომელიც მონაწილეობს თითქმის მთელი პერსონალის შერჩევაში. ის ირჩევს რეჟისორებს და მონაწილეობს მსახიობების არჩევის პროცესშიც. იღებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს და ქმნის ბრენდის მთლიან ამინდს. აღარაფერს ვამბობ სცენარის შემუშავებაზე და ტექნიკურ ნაწილზე. მას აქვს თავისი კრიტერიუმები, რომლებიც წყვეტს, რომელი პერსონაჟი უნდა გამოჩნდეს ეპიცენტრში. ეს არის მისი უნიკალური ხედვის დამსახურება. ბევრ კომპანიას ეს ხედვა არ გააჩნია და შესაბამისად არ ყავს ლიდერი, რომელიც მართვის სადავეებს აიღებს ხელში. იმ კუთხით, რომ კევინ ფეიჯი მონაწილეობს “ამინდის შექმნაში”, ის უნდა ჩავთვალოთ საკმაოდ ჭკვიან მარკეტოლოგადაც. მარკეტოლოგები კი არიან სტრატეგოსები, როგორც ძველი მეფეები ან იმპერატორები. ისინი ეძებენ, იკვლევენ, აქვთ თავიანთი უნიკალური ხედვა და იღებენ საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თუ სხვა კომპანიების ლიდერები კმაყოფილდებიან ე. გ “მეწველი ძროხის” მდგომარეობით, კევინ ფეიჯს საკუთარი სპეციფიკური ხედვა არ აძლევს ამის საშუალებას. შედეგიც თვალსაჩინოა, მიუხედავად იმისა, რომ ის მთავარ აქცენტს არ აკეთებს მაღალ შემოსავალზე, არამედ აკეთებს ხარისხზე, მარველის ფილმები მაინც არიან უზარმაზარი მოგების წყარო. სწორი ლიდერი, სწორ დროს, სწორ ადგილას. სწორედ ეს არის ამერიკული კინო კომპანიის უპირატესობა. ფეიჯი ირჩევს, ხშირ შემთხვევაში, დებიუტანტ რეჟისორებს, რომელთა კონტროლიც გაცილებით უფრო მარტივია, აგრეთვე მათ უზღუდავს წვდომას სპეცეფექტებზე, რათა მათი მხრიდან არ მოხდეს რაიმე სახის ჩარევა და გეგმიდან გადახვევა. საბოლოო ჯამში ჭეშმარიტი ლიდერი უზრუნველყოფს იმას, რომ მისი კომპანია არ კარგავს თავის უნიკალურ ელფერს.

მარველის არქეტიპული ანალიზი

ბრენდინგი წარმატების გასაღებია მარკეტინგის სამყაროში. ეს მექანიზმი ხელს უწყობს ბრენდის ღირებულების გაზრდას, რაც იმთავითვე უკავშირდება მომხმარებელს და მისი შენარჩუნების ხარისხს. ბევრ ადამიანს აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ ბრენდი არის მხოლოდ ლოგო და კომპანიის ფერები, თუმცა ეს მისი ნამდვილი განმარტება არ არის. ბრენდი არის დაპირება მომხმარებლისთვის, რა ფასეულობას ვუქმნით მათ და როგორია ჩვენი მოლოდინები. ეს არის მთლიანი პროცესი, რაც უფრო მეტჯერ არის წარმოჩენილი ბრენდი, უფრო მარტივად დასამახსოვრებელი და აღსაქმელი ხდება ის, სწორედ ამას ემსახურება მარველის კინოსამყაროს მრავალფეროვნება. მარველმა შეძლო და დაამყარა ემოციური კავშირი მომხმარებელთან.

კარლ გუსტავ იუნგმა შექმნა ადამიანის ფსიქიკის განმსაზღვრელი უნიკალური 12 არქეტიპი. არქეტიპები ქცევის უნივერსალურ ნიმუშებს წარმოადგენს. ისინი შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრენდის დასახასიათებლად. თითოეული კომპანია რამდენიმე არქეტიპისგან შედგება, თუმცა არსებობს ერთი ძირითადი, რომელიც განსაზღვრავს მის მოტივებს და გამოხატავს მის უნიკალურობას. რა შეგვიძლია ვთქვათ მარველის არქეტიპებზე?

ჩვენთვის ნათელია, რომ მარველის ბრენდის ძირითადი არქეტიპი არის “გმირი”. ბრენდი, რომელიც ყველა შესაძლებლობას იყენებს თავისი გამბედაობის გამოსავლენად, რადგან ამ აქტით თავის ღირებულებას უსვამს ხაზს. საკუთარი ღირსების დამტკიცებას ხშირად გამბედაობით და სიმამაცით ახერხებს. თუმცა მარველის არქეტიპული ინჟინერია გაცილებით უფრო ფართო ასპექტებითაა წარმოჩენილი და აქ გვხვდება ყველა არქეტიპი. ჩვენ ვისაუბრეთ სუპერგმირებზე და არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მარველის მრავალფეროვანმა ეკოსისტემამ და მარკეტინგულმა სტრატეგიებმა თითოეული პერსონაჟი უნიკალურ ბრენდად აქცია. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე თორმეტივე არქეტიპის მაგალითზე მომეყვანა შესაბამისი სუპერგმირები.

1) “რკინის კაცი” – მეამბოხე სულის გამოვლინება, თავისუფალი გონების ბრენდი, რომელსაც ვერავინ აკონტროლებს. მუდმივად მიიწევს წინ და სიახლეებისკენ, ის ერთგვარი პროტოტიპია გენიალური ილონ მასკის, როგორც უკვე აღვნიშნე.

2) “თორი” – ლიდერობა მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ხშირად ეს კარგადაც გამოსდის. ბრენდი მმართველის არქეტიპით მიდრეკილია აბსოლიტური ძალაუფლებისკენ, თუმცა ლიდერობის უნარი და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა მისი ძლიერი მხარეებია.

3) “კაპიტანი ამერიკა” – გაბედული და ღირსეული ბრენდი, რომელიც ხასიათდება, როგორც გმირი. მისთვის ღირსების დამტკიცება სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი. მუდმივად იბრძვის და არ ეშინია დაბრკოლებების.

4) “დოქტორი სტრეინჯი” – ცოდნისა და სიბრძნის მოყვარული. ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება, გაკვეთილად აღიქვამს და ცდილობს თითოეული მოვლენის მნიშვნელობის დადგენას. მისი მთავარი სურვილია აღმოაჩინოს ჭეშმარიტება. ბრენდი, რომელსაც ბრძენის არქეტიპი აქვს, დიდ ცოდნას ფლობს და ინტელექტუალია, შეუძლია კარგი რჩევების გაცემა.

5) “ადამიანი-ობობა” – გულუბრყვილო, პოზიტიური და ოპტიმისტი ბრენდის სურათი, რომელიც ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ. მთავარი სურვილია შეიგრძნოს ბედნიერება, მისი ძლიერი მხარეა ოპტიმიზმის შეუზღუდავი გრძნობა და დიდი რწმენა, რაც აძლევს საშუალებას დაგვიხატოს უდანაშაულო ბრენდის სახე.

6) “ვარსკვლავური ლორდი” – ცხოვრობს მომენტში და სიამოვნებს ემოციების მაქსიმალურად განცდა. მას გადამდები სიცილი აქვს და ძალიან უყვარს ხუმრობა. ბრენდი არქეტიპით ხასიათდება პოზიტივით, რომელიც გადამდებია. მას აგრეთვე ძალიან უყვარს მუსიკა და ირგებს “კლოუნის” არქეტიპს.

7) “ვიჟენი” – ალტრუისტი, რომელსაც ყოველთვის სურს დაეხმაროს გარშემო მყოფებს: მეგობრებს, უცხო ადამიანებს, ზოგჯერ მტრებსაც კი. როგორც სუპერგმირი, ის სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ეზრუნა კაცობრიობაზე. მისი არქეტიპი არის “მზრუნველი”.

8) “ქორის თვალი” – სჯერა კაცობრიობის და ადვილად ამყარებს კავშირებს ყველა ტიპის ადამიანთან. ემპათია, პრაქტიკულობა და სანდოობა აქ პირველ ადგილზე გვევლინება. მას არ აქვს განსაკუთრებული სუპერძალები, თუმცა გუნდის შეუცვლელი წევრია. მისი არქეტიპია “ჩვეულებრივი”.

9)”პეპერ პოტსი” ან უბრალოდ “რკინის ქალი” – ტონი სტარკის ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე, რომელმაც მოირგო მისი შექმნილი ტექნოლოგია. ერთგულება და სანდოობა მისი განუყოფელი ნაწილებია. თავის შარმთან და მომხიბვლელობასთან ერთად ის ნამდვილად არის შეყვარებულის არქეტიპის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

10)”გამორა” – ბრენდი, რომელიც აფასებს თავისუფლებას და არ შეუძლია უმოქმედოდ ყოფნა მცირე დროის განმავლობაშიც კი. სურს ახალი თავგადასავლები და “იკვებება” გამოცდილებებით. ბრენდი გამოირჩევა დამოუკიდებლობით და საკუთარი თავის რწმენით, ცნობილ გალაქტიკის მცველს მოვიაზრებ მკვლევარის არქეტიპის ქვეშ.

11)”ალისფერი ჯადოქარი” – იგივე ვანდა მაქსიმოვი. კიდევ ერთი ბრენდად ქცეული პერსონაჟი, რომელიც ფიქრობს, რომ სამყაროსთან იდუმალი კავშირი აქვს. დარწმუნებულია საკუთარ ოცნებებსა და შესაძლებლობებში. მას სურს იცოდეს ყველაფერი სამყაროზე და აგრეთვე პოულობს გამარჯვების გზას. ის ირგებს ჯადოქარის არქეტიპს.

12)”შავი პანტერა” – კრეატიულობა, ინოვაციურობა და წარმოსახვა აქ მთავარი განმსაზღვრელი ნიშნებია, ის ხომ ცხოვრობს ყველაზე განვითარებულ და მაღალტექნოლოგიურ ქვეყანაში, ვაკანდაში. სუპერგმირი ცხოვრებას შემოქმედებითად უყურებს და დასახული მიზნებისკენ ყოველთვის მოქნილად მიიწევს, როგორც პანტერა. მისი არქეტიპი არის შემოქმედი.

ბაზარზე პოზიციონირება მომხმარებლის გონებაში თითოეული პროდუქტისათვის კონკურენტულ პროდუქტებთან შედარებით საუკეთესო ადგილის მინიჭებას გულისხმობს. მარკეტოლოგების სურვილია თავიანთი პროდუქციისთვის გამორჩეული პოზიციის მინიჭება, რაც ერთგვარი უნიკალური არქეტიპის შემუშავებასთან ასოცირდება. როგორც ვხედავთ მარველს ყველა არქეტიპი აქვს და არ უნდა გაგვიკვირდეს მისი უნიკალურობა, არქეტიპული ბრენდინგი ხომ კომპანიის წარმატების გასაღებია. მარველის შემთხვევაში, არქეტიპებს შემოაქვთ სინათლე და ბრწყინვალება, მის ბრენდებს მომხმარებელი ბუნებრივად გრძნობს.

დიახ, მე ვარ Marvel Studios-ს დიდი გულშემატკივარი, დიახ მას აქვს პერსონაჟთა და ბრენდთა ბიბლიოთეკა, რომელიც როგორც აღვნიშნე ქმნის მთლიან ეკოსისტემას, მაგრამ ნამდვილად თვლით რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია? აშკარად, შთამბეჭდავია და გასაოცარი, როგორ შეძლეს მათ მომხმარებლებთან დაკავშირება და გარდასახვა მათ გონებაში მნიშვნელობად. მათგან შემიძლია ვისწავლო, როგორ გავხდე ბრენდი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ხალხისთვის და როგორ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა სწორად. ვისწავლე, რომ სწორი ხელმძღვანელი აუცილებელია ორგანიზაციისთვის, რომელიც დაინახავს მთელ სურათს ისე, რომ არ გამორჩეს მცირე დეტალებიც კი. აქ მახსენდება ჯორჯ მაქსველის სიტყვები: “ლიდერი არის ის, ვინც იცის გზა, მიდის ამ გზაზე და აჩვენებს ამ გზას”. აუდიტორიამ იცის რა არ მოეწონება, სწორედ ამიტომ მას პატივი უნდა სცე თუ გინდა, რომ შეინარჩუნო მათი ერთგულება, აქ სწორად უნდა გაითვალისწინო მისთვის ფასეულობის შექმნა. ეს აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს ჩვენთანაც, როგორც მარკეტინგული სიწმინდე. კიდევ რა ვისწავლე ამ კომპანიისგან? პრაქტიკულად საკუთარ თავს, და იმედი მაქვს თქვენც, დაგიმტკიცეთ გამონათქვამი “სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს”. მარველმა 11 წელი დახარჯა და დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია დროის სწორი ინვესტიცია ნებისმიერი ბრენდისთვის. კარგად დავინახე რა უპირატესობა აქვს, როდესაც გრძელ თამაშს თამაშობ და ამავდროულად, მოთმინებით ელოდები შედეგს. მე ამ კომპანიასთან და მის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებთან ერთად გავიზარდე, ეს ჩემთვის მეტია ვიდრე უბრალოდ კინო კომპანია. არ ვამბობ იმას, რომ მარველი იდეალურია. არ არსებობს იდეალური ადამიანი და არც ბრენდი, ვერ დავდებ თავს იმაზე, რომ ყველა კომიქსი და ფილმი შესანიშნავია, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ვიხილეთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სტატიისთვის დამერქმია “მარველი, იდეალურთან მიახლოებული ბრენდირებული სახლი”.

ბრენდის ისტორია იწერება და ისევ გრძელდება.

 

ავტორი: დათა გვალია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა