სოციალური პასუხისმგებლობები ქართულ კომპანიებში

ლიზა ოდიშელიძე, IBSU, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა

 

რას ნიშნავს მცნება „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა“? რისთვის არის ის საჭირო? ერთი შეხედვით ხომ ეს მხოლოდ კომპანიის დამატებითი ხარჯებია, რომელიც მას დამატებით შემოსავალს ვერ მოუტანს (არადა, კომპანია სწორედაც რომ შემოსავლის მიღებისთვის მუშაობს…). მაგრამ, სამაგიეროდ, სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის სტატუსია, ადამიანურ კაპიტალში, გარე სამყაროსა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობებში ჩადებული ინვესტიციაა.

სოციალური პასუხისმგებლობის თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ქართული ბიზნესის ცნობიერებაში, რამდენადაც კომპანიები მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველს როდის წარმოადგენენ, არამედ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზეც ახდენენ გავლენას. წამყვანი ქართული კომპანიების უამრავი წარმატებული პროექტის მოყვანა შეიძლება მაგალითად: „საქართველოს ბანკის“ პროექტი „სიცოცხლის ხე“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა; „თიბისი ბანკის“ პროექტი, რომელიც ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენას ემსახურება და პროექტი „წერე ქართულად“.

რა თქმა უნდა, დიდი სიიდან ყოველთვის გამოირჩევა ერთი. ასეთი ჩემთვის საქართველოს ბანკია. მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებებია:განათლება, დასაქმება, ბიზნესი. საქართველოს ბანკი ახალგაზრდების ხარისხიანი სწავლისა და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის:დააარსა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, აფინანსებს „ჩივნინგის“ სასტიპენდიო და „ფულბრაიტის“ სამაგისტრო საერთაშორისო პროგრამებს, ხელს უწყობს როგორც აბიტურიენტების მომზადებას, ასევე სკოლის მოსწავლეების უფასო განათლებას და სხვა.

საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდურობის განცდა და საქმის დიდი სიყვარული მთლიანობაში ბანკის საერთო წარმატების განმსაზღვრელია. საქართველოს ბანკი თანამშრომლებს მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო პირობებს უქმნის. (ჯანმრთელობის დაზღვევა, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შეღავათები, თანამშრომლების პროფესიული განვითარების ტრენინგები, ქორწინებასთან, შვილის შეძენასა თუ ოჯახის წევრის ჯანმრთლობასთან დაკავშირებული ფინანსური მხარდაჭერა).

საქართველოს ბანკი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ძირითადად ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით ახორციელებს. ფონდი სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს და სხვადასხვა კომპანიისა თუ მომხმარებლების აქტიური ჩართულობით საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნას ისახავს მიზნად. სოციალური აქტივობის ძირითადი მისიაა:შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განათლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, გარემოს ადაპტირების გზით.

ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ აქტივობებისა რომელსაც ისინი ახორციელებენ. კარგი იქნება თუ ბევრი სხვა ქართული კომპანია მათ გზას დაადგება, რადგან საბოლოო ჯამში, ყველანი ვთანხმდებით იმ საკითხზე რომ მდგრადი ბიზნესის განსავითარებლად, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა, შრომითი ურთიერთობების კანონდებმლობით დარეგულირება, გარემოზე ზრუნვა და ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება.