
საფრანგეთი საქართველოში – ანუ ბრენდი სახელწოდებით ს ა რ ა ჯ ი შ ვ ი ლ ი – I
I ნაწილი
კომპანიის ისტორია
„სარაჯიშვილი“ არის პირველი ქართული ღვინის ბრენდისა და ალკოჰოლური სასმელების უძველესი კომპანია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ტრადიციასა და ხარისხს. ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქართული კონიაკის წარმოებაში და დღემდე წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს.
1884 წელს ფირმის დაარსება ქართველი მეცნიერის დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით წარმოებას. იგი სწავლობდა საფრანგეთში, სადაც გაეცნო კონიაკის წარმოების ევროპულ ტექნოლოგიებს.მისი მიზანი იყო ქართული ყურძნის უნიკალური თვისებების გამოყენება და მაღალი ხარისხის კონიაკის შექმნა.აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდის წარმოებისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები, მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკროზონები და საბოლოოდ,1887 წელს პირველი პროდუქტიც გამოუშვა.
დავით სარაჯიშვილის ხელმძღვანელობით კომპანია სწრაფად განვითარდა და მისი პროდუქცია ევროპისა და რუსეთის ბაზრებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში „სარაჯიშვილის“ კონიაკი არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა და მიიღო ოქროს მედლები, რაც ქართული კონიაკის მსოფლიო მასშტაბით აღიარების საწინდარი გახდა.
„სარაჯიშვილის“ კონიაკი დღემდე კლასიკური ტექნოლოგიით მზადდება, რაც სპირტის მუხის კასრებში დაძველებას გულისხმობს. საფრანგეთის შემდეგ, საქართველო პირველი ქვეყანა იყო რუსეთის იმპერიაში, რომელმაც ღვინის ბრენდის წარმოება დაიწყო და ოფიციალურად მას „კონიაკი“ უწოდა.დღეს „სარაჯიშვილი“ კვლავ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე. ის აქტიურად აერთიანებს ტრადიციასა და ინოვაციას, იყენებს საუკეთესო ხარისხის ადგილობრივ ნედლეულს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. კომპანიის პროდუქცია წარმატებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და კვლავაც ინარჩუნებს მაღალი კლასის კონიაკის სტატუსს. ამჟამად, კომპანია სარაჯიშვილთან ერთად აწარმოებს ისეთი ტიპის ბრენდებს და ალკოჰოლურ სასმელებს, როგორებიცაა: ივერიონი, დავითი, ერისთავი და სხვა …
1.კომპანიის განვითარების ეტაპები
კომპანია „სარაჯიშვილს“ განვითარების გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს.ბრენდი სწრაფად იზრდებოდა, ფართოვდებოდა და არ უშინდებოდა გამოწვევებს იმ დროინდელ საბჭოთა სახელმწიფოში. საბჭოური პერიოდის განმავლობაში მოხდა ქარხნის ნაციონალიზაცია და შეეცვალა სახელი, დაერქვა „თბილისის კონიაკის ქარხანა“. მიუხედავად ამისა, განვითარების ტემპები არ შენელებულა. წლების განმავლობაში იქმნებოდა უმაღლესი ხარისხის სპირტების რეზერვები.
დავით სარაჯიშვილი იმ დროისთვის ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა, მას საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და მისი ყოველი ნაბიჯი შთაგონებული იყო ქვეყნის განვითარების სურვილით. თავდაპირველად,რუსეთის იმპერიისა და ევროპის მასშტაბით მოხდა ბრენდის სარეალიზაციო ქსელთა გახსნა, სადაც იყიდებოდა კომპანია „სარაჯიშვილის“ მიერ წარმოებული პროდუქცია: კონიაკი, არაყი, ღვინო, ლიქიორი, რომი, აბსენტი და სხვა სპირტიანი სასმელები.
ბრენდმა საუკუნის მანძილზე განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები განვლო:
- 1884 წელი – დავით სარაჯიშვილმა პირველი კლასიკური ბრენდის შექმნის ტექნოლოგიას ჩაუყარა საფუძველი;
- 1887 წელი – კომპანიამ თავისი პირველი პროდუქტი გამოუშვა;
- 1890 წელი – სარაჯიშვილის კონიაკი დღემდე კლასიკური მეთოდებით მზადდება, რაც სპირტის მუხის კასრებში დაძველებას გულისხმობს. საფრანგეთის შემდეგ საქართველო პირველი იყო რუსეთის იმპერიაში,რომელმაც ღვინის ბრენდის წარმოება დაიწყო და ოფიციალურად მას კონიაკი უწოდა.
- 1903წელი – ბრენდის პირველი სპეციალიზებული მაღაზია (ბუტიკი) გაიხსნა თბილისში.
- 1909 წელი – საფრანგეთის მთავრობის პირველი დეკრეტი გამოიცა, რომელიც კატეგორიულად კრძალავდა სიტყვა „კონიაკის“ გამოყენებას საფრანგეთის ტერიტორიაზეც კი, გარდა შარანტის დეპარტამენტისა. მას შემდეგ ყველა ეტიკეტზე სახელი „კონიაკი“ შეიცვალა ღვინის ბრენდით, მაგრამ წარმოების ტექნოლოგია კვლავ უცვლელი რჩებოდა;
- 1889-1912 წლები – სარაჯიშვილის კონიაკებმა საერთაშორისო გამოფენებზე: პარიზში, ჩიკაგოში, ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში ოქროს მედლები მოიპოვა.
- 1913 წელი – კომპანიამ განსაკუთრებული წოდება – „რუსეთის იმპერატორის კარის მომწოდებელი“ დაიმსახურა.
- 1921 წელი – კომუნისტურ პერიოდში დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა სახელწიფოს საკუთრებაში გადავიდა და „თბილისის კონიაკის ქარხნის“ სახელს ატარებდა.
- 1934-1954 წელი – ამ პერიოდში აშენდა ქარხანა და სწორედ აქ მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოხდილი უნიკალური სპირტების მარაგმა. მათ შორის უძველესი 1893-1905 წლებში გამოიხადა უშუალოდ დავით სარაჯიშვილის ხელმძღვანელობით.
- 1994 წელი – კომპანია კვლავ კერძო მფლობელობაში გადავიდა და „სარაჯიშვილი“ სახელი დაიბრუნა.ბრენდის მესაკუთრე გახდა ბუბუტეიშვილების ოჯახი, რომელმაც შეისყიდა კომპანია და უნიკალური, ისტორიული ქართული სპირტების მარაგი, რამაც საბოლოოდ განაპირობა კომპანიისთვის„სარაჯიშვილის“ სახელის დაბრუნება.
- 2006 წელი – განხორციელდა სრული რებრენდინგი და დაინერგა (კონიაკის) საერთაშორისო კლასიფიკაცია.
- 2010 წელი – შეიქმნა „სარაჯიშვილის“ უნიკალური ხაზი. ამ ხაზში ერთიანდება გამორჩეული პროდუქტები, რომელთა შექმნას განსაკუთრებული იდეა უდევს საფუძვლად.
- 2018 წელი – სარაჯიშვილის ბრენდი მსოფლიოს ოც ქვეყანაში იყიდება.
პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით კომპანია „სარაჯიშვილი” წარმატებით განაგრძობს იმ საქმიანობას, ღირებულებათა თანხვედრის, საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ასევე, დღესდღეობით გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ 1893 და 1905 წლებში თავად დავით სარაჯიშვილის ზედამხედველობით გამოხდილ სპირტებსაც.
„სარაჯიშვილის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: 6 სუპერ გრან-პრი, 35 გრან-პრი, 1 ორმაგი ოქროს, 1 დიდი ოქროს და 155 ოქროს მედალი. საუკეთესო შეფასებების შედეგად, „სარაჯიშვილმა“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოიპოვა აღიარება. ამჟამად „სარაჯიშვილი“ მსოფლიოს ოთხი კონტინენტის ოცამდე ქვეყანაში ახდენს თავისი ბრენდის იმპორტს და აწარმოებს სამოცამდე დასახელების პროდუქციას.
ამრიგად, საუკუნოვანი გამოცდილება, ხარისხისადმი ერთგულება და მსოფლიო აღიარება „სარაჯიშვილს“ უნიკალურ ადგილს ანიჭებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.განვითარების ყველა ეტაპზე კომპანიის მთავარ ამოცანად რჩებოდა მდგრადი განვითარების შენარჩუნება,რაც აისახებოდა ბაზარზე სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში.ხოლო,მუდმივი შემოქმედებითი ძიება, საქმის სიყვარული და წინსვლის სურვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ მთავარი მახასიათებელი იყო არის და იქნება.
გამოყენებული წყარო:https://www.sarajishvili.com/history?lang=ka
ავტორები: მარიამ ბაკურაძე, IBSU, სალომე ფურცელაძე, IBSU