ლოცვის ძალა მეღვინეობაში

მევენახეობა და მეღვინეობა ლოცვისა და რწმენის გარეშე წარმოუდგენელად მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს. დღესაც იგივე ითქმის. მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქართული მეღვინეობისა ვენახიდან იწყება სწორედ და ამ ვენახში შესასრულებელი ლოცვები არა მარტო ეთნოგრაფიული კულტურის ნაწილია, არამედ  მას სამეურნეო დანიშნულებაც აქვს.

განვიხილოთ საქართველოს რეგიონები იმ ლოცვების და ტრადიციის მიხედვით, რომელიც განუყოფელი იყო მეღვინეობასთან:

რაჭა-ლეჩხუმი: ახალ წელს ქართველი გლეხი, საახალწლო დალოცვის შემდეგ პირდაპირ ვენახში გავიდოდა და მიიმღეროდა „ანგურა მოვიდა, ჩვენს ვენახში გაიარა, წვივი მოიტეხა, ღვინო ასხა და ასხა, ჩვენს მხარეში ყურძენი, იმ მხარეში ფურცელი“.

როდესაც დიდ ხუთშაბათს რაჭაში კოცონებს დაანთებდნენ, გლეხები სამჯერ შემოუვლიდნენ ვენახს, ერთმანეთს რკინის ნაჭრებს მისცემდნენ და დასძახოდნენ -„ ანგურა, ღმერთო ანგურა, შენ დაიფარე ჩემი ვენახი კოხისაგან, დაიცევ ჩვენი ჭირნახული, ანგურა, ანგურა, არიწვინა-მარიწვინი, ჩვენს ბუჯერში ტახის თავი, სხვის ბუჯერში ხვლიკის თავი, ჩვენს ვენახში მსხვილი მარცვლები, სხვის ვენახში წვრილი“, ლეჩხუმელი კი ამბობდა – „გაღმა ფურცელი, გამოღმა ყურძენი“.

სამეგრელოში, დიონისეს შესატყვისი სახელი იყო ჯუჯელია (სოლომონ თეზელიშვილი, 2000) და მეგრელი ამგვარად ამბობდა თავის სათქმელ-სალოცავს – „ჯუჯელია, ჯუჯელია! ჩქიმი მამული ხარგელია, შხვაში მამული ფურცელია! ჩანა, ჩანა..ჩქიმ მამულს ყურძენი და შხვამ მამულს ფურცელი!“. სამეგრელოში ხდებოდა ასევე „რა-ანგურის“ დალოცვა, რომელიც გახლდათ მზე და წარმართული ღმერთი დიონისე ერთად.

გურია და აჭარა: მევენახე თავის სალოცავს ასრულებდა- „აგუნა, აგუნა ჩვენს სამშობლოს ღვინო და ყურძენი და სხვებს ფურცელიო“ და ამ დროს საწნახელზე წალდით აკაკუნებდა.

გურიასა და მესხეთში: მევენახე ამბობდა, „აგუნა, აგუნა, შემოიარე ბახუის კარის მახლობლად და გაიარე!“ გურიაში მთქმელი ბავშვს აიყვანდა ხელში და ამბობდა „აგუნა , აგუნა, მოდი გვესტუმრე, ბახვის და ასკანის გზა გამოიარე, მოასხი ჩვენს ვენახს კეთილი ყურძენი, უმრავლე სხვის ვენახს ფოთოლხშირი“.

როდესაც ქრისტიანობა დამკვიდრდა საქართვლოში 325 წელს, მას შემდეგ წარმართული ლოცვები ტრადიციად გადაიქცა, რომელსაც მევენახეები იცავდნენ. რაც შეეხება ქრისტიანულ ლოცავს იგი შემდეგნაირად სრულდებოდა:

„სამეგრელოში ოჯახის დიასახლისი გამოაცხობდა პურის კვერებს, ყველითა და კვერცხით. მამასახლისი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა, არც თამბაქოს მოწევდა. ამასთანვე ოჯახში სიმშვიდეს იცავდა და ყოველგვარ უსიამოვნებას გაურბოდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდნენ ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოს და მამასახლისი გაწყობილ ხონჩას მარანში წაიღებდა, დაუძახებდა ვაჟიშვილებს და საღმრთო-საოხორო ქვევრის წინ დაიჩოქებდა და მამა ასე დაილოცებოდა – „გზის დღევ, ვლოცულობ ჩემი შვილების კარგად ყოფნისათვის, შენ დაიცავი ჭირისა და ფათერაკისაგან. ღმერთო, ბატონო, დღეის ლოცვა – შენ შემარგე ცოლშვილიანად, მოსავალი ბევრი მოიყვანე, საქონელი გაამრავლე, კაცი გააბედნიერე და ჩემს სამოსახლოზე დამაბერე“. ბოლოს ქვევრს მოხდიდა, ხაპით ღვინოს ამოიღებდა, შესვამდა და შეასმევდა ვაჟიშვილებს“. (თეზელიშვილი, 2000)

ქრისტიანობის დამკვიდრებას განეკუთვნება საზედაშეო ღვინოც, რომელსაც შუმიც ერქვა აღმოსავლეთ საქართველოში, იმერეთში, რაჭაში და სამეგრელოში ამ ღვინოს – სალოცავსაც უწოდებდნენ. საინგილოში მას დადაში ჰქვია. ზედაშე – საწნახელში გამოსული პირველი წვენი უფლისა იყო. გაფრთხილებაც იყო ამგვარი – „ზედაშეს ფეხი არ დაადგა, ავი ანგელოზი დაგკრავსო“

გარდა ლოცვებისა, რომელსაც ქართველი თავის მამულში ასრულებდა, არსებობს ასევე საგალობლების მთელი სისტემა, რითაც მეურნე ადამიანები წყალობას სთხოვდნენ ღმერთს. ამ მიმართულებით გავრცელებულია საღვთო-საუფლო საგალობელი – „ხელხვავი“, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ასრულებდნენ მესხეთსა და გურიაში. განთქმულ „ხელხვავთა“ შორის, იყო ისეთებიც, რომლებიც ცალკეულ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. ერთ-ერთი საოჯახო -საგვარეულო ხელხვავი ცნობილია, როგორც „ჯაყელთა ხელხვავი“, რომელიც ჩაწერილი იქნა გურიაში 1963 წელს დიდი ლოტბარის ერქომაიშვილის მიერ.

რწმენა მთავარი საკითხია, იმისათვის, რომ კაცმა ტრადიციული ქართული ღვინო დააყენოს. ამ მიმართულებით თუნდაც ავიღოთ ალავერდის მონასტერში ამბა ალავერდელის (მახარაძე), მიერ დაარსებული თუ აღდგენილი უძველესი ქართული მარანი. ამ მარანში დღეს საუკეთესო ქართული ტრადიციული ღვინო დგება. ალავერდის მონასტრის ბერები დღეს ქართული ტრადიციული მეღვინეობის დიდოსტატები არიან. როდესაც ქვევრის ღვინის საკითხს განვიხილავთ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინო უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სისხლია და მასთან აუცილებლად რწმენით უნდა მისვლა.

მეცნიერული თვალსაზრისით შესასწავლია თუ როგორ გავლენას ახდენს ლოცვა და გალობა, ასევე ეკლესიური ცხოვრება და მონასტრის შიდა სამყარო იქ დავარგებულ ღვინოზე. ერთ-ერთმა ევროპულმა ექსპერიმენტმა, რომელიც იტალიის ერთ-ერთ მონასტერში ჩატარდა, თითქოსდა აჩვენა კიდევაც რომ, ღვინო უკეთესი დგებოდა მონასტრის პირობებში, ვიდრე ქარხანაში. ამ მიმართულებით საქართველოშიც შესაძლოა ჩატარდეს მეცნიერული კვლევები.

ივანე კერესელი