ბრენდი „ბორჯომი“

ავტორი: ელენე რაზმაძე

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უნიკალური მინერალური წყლის „ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის. ბორჯომის ხეობაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანო იქნა აღმოჩენილი. ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერის თანახმად, ძველ დროს მინერალურ წყალს მხოლოდ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

1841 წლისთვის „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. სწორედ ამან უბიძგა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს ბორჯომში ჩასულიყო. მართალია, ისტორიული წყაროები არ აზუსტებენ ინფორმაციას გენერლის ქალიშვილის დაავადების შესახებ, მაგრამ ფაქტია, ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო მინერალური წყლის პირველ წყაროს მის პატივსაცემად „ეკატერინსკი“ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს – „ევგენიევსკი“, თავად გენერალ-გუბერნატორის სახელი. 1850 წელს ბორჯომში მინერალური წყლების პარკი დაარსდა. 1894 წელს კი დასრულდა ბორჯომის ჩამომსხმელი პირველი ქარხნის მშენებლობა. ამასობაში სამკურნალო თვისებების მქონე საბადოს შესახებ ამბავმა მთელი რუსეთის იმპერია მოიარა. ბორჯომი იზრდება და ვითარდება როგორც კურორტი. შენდება ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს გაყვანილმა ხაშური – ბორჯომის სარკინიგზო ხაზმა მნიშვნელოვნად მოაგვარა მიმოსვლის პრობლემა. მანამდე დამსვენებლებს 8 – 9 საათის მანძილზე უხდებოდათ ფაეტონებით ან ურმებით მგზავრობა თბილისდან ბორჯომამდე. 1894 წელს  მიხეილ რომანოვი ასრულებს ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობას მინერალური წყლების პარკში. აღსანიშნავია, რომ ამ ქარხნამ მეოცე საუკუნის 50 – იან წლებამდე იმუშავა. 1896 წელს პირველი მინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. 1950 წლამდე ბოთლებს აქ ხელით ბერავდნენ. 1904 წელს შესაძლებელი გახდა „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია. მინის ჩაბერვა ჯერ კიდევ ხელით ხდებოდა, თუმცა ჩამოსხმა უკვე მექანიზებული გახდა. ამ წლით თარიღდება გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვის შესახებ. წყლის ჩამოსხმა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუ 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი იქნა გატანილი, 1905 წელს ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი 9 მილიონი ბოთლი შეადგინა. საქართველოს გასაბჭოებამ „ბორჯომის“ პოპულარობას ხელი არ შეუშალა. შეიცვალა მხოლოდ დამსვენებელთა სტატუსი და ელიტა. რომანოვი სტალინმა შეცვალა, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ეს მინერალური წყალი. კრემლში არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე. 1960-იანი წლების „დათბობამ“ „ბორჯომს“ შანსი მისცა სახელი საზღვარგარეთაც მოეხვეჭა. 1961 წლიდან დაიწყო „ბორჯომის“ ექსპორტი მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ამ ქვეყნების რიცხვში შედიოდა აშშ, საფრანგეთი და ავსტრია.1980-იან წლებში „ბორჯომის“ რეალიზაციამ 400 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. „ბორჯომი“ ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. 1990-1995 წლებში შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო „ბორჯომის“ წარმოება საგრძნობლად შემცირდა. 1995 წელს შეიქმნა კომპანია Georgian Glass & Mineral Water Co. N. V., დღევანდელი IDS ბორჯომი საქართველო, რომელმაც განაახლა „ბორჯომის“ წარმოება. დღეს, ბუნების ამ ძვირფას საჩუქარს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ.

90-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი კვლევის პროცესში აღმოჩნდა რომ, მინერალური წყალი „ბორჯომი“ წყალბადის ზოგიერთი იზოტოპების თანაფარდობით, კარდინალურად განსხვავდებოდა დანარჩენი საკვლევი წყლებისაგან. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს მონაცემები, ადასტურებს „ბორჯომში“იმ იუვენილურის მნიშვნელოვანი წილის არსებობას. აღსანიშნავია, რომ „ბორჯომის“ უნიკალურობა, მისი დადებითი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე, რომელსაც ხანდახან მედიციანაც კი ვერ ხსნის და ბოლოს, მისი ასეთი პოპულარობა, სწორედ მისი წარმოშობის საიდუმლოსთან არის კავშირში.

„ბორჯომის“ მოპოვება

დღესდღეობით ბორჯომის ხეობაში არსებული საექსპლოატაციო ჭაბურღილებიდან მინერალური წყალი თვითდენის რეჟიმში მოედინება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საბადოდან სწორედ იმ რაოდენობის მიენრალურ წყალს მოვიპოვებთ, რასაც ბუნება თავად გვჩუქნის. სწორედ ამ საექსპლოატაციო ჭაბურღილების მეშვეობით, რომელთა სიღრმეც ზოგ შემთხვევაში 1500 მეტრსაც კი აღწევს, და ასევე, ნახშირორჟანგა გაზის დახმარებით, მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის.

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხანა

„ბორჯომის“ ჩამოსხმა სრულად ავტომატიზირებულ მაღალტექნოლოგიურ ხაზებზე ხორციელდება. თანამედროვე ტექნოლოგიები და ხაზების სიმძლავრე წყლის რესურსის სრულად ათვისების შესაძლებლობას იძლევა.

საბადოდან ჭაბურღილების მეშვეობით მიღებული მინერალური წყალი პირდაპირ ჩამომსხმელ ქარხანაში ხვდება, სადაც ცივდება, ჯერდება ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზით და ისხმება ბოთლებში, რის შემდეგაც ხდება ბოთლების მოხუფვა და ეტიკეტირება. 2017 წელს „ბორჯომი“ ახალი, ალუმინის ქილების შეფუთვით გამოვიდა ბაზარზე. ქილის მოცულობა 0.33 ლიტრია.

ბოლო წლებში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის სრული რეაბილიტაცია – რენოვაცია განხორციელდა. ახალი ქარხანა თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. მუდმივად განვითარებადი და განახლებადი საწარმოო ტექნოლოგია, ინოვაციურობა და ახალი ტრენდების დანერგვა ბაზარზე აქცევს მინერალური წყლის „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინდუსტრიის ლიდერად.

ხარისხის მართვა და სტანდარტები

კომპანიის პროდუქციის წარმოება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს. ხარისხის მართვა წარმოებს ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით. კომპანიის ხარისხის მართვის სისტემა ფარავს მიწოდების ჯაჭვის მთელ ციკლს: ნედლი მასალებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა სარეალიზაციო ბაზარზე. კომპანიასა და მის საწარმოებში დანერგილია ხარისხის მართვის სტანდარტი ISO 9001:2008. მოპოვებული და ქარხნებში შემოსული მინერალური წყალი გადის ყოველდღიურ მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას ISO 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში. ორივე ქარხანაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა HACCP და ISO 22000:2005, რომლის ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყობს ხარისხის სპეციალისტების კარგად მომზადებული გუნდი. დიდი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად საერთაშორისო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვა-გატარებას. ხარისხის მართვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მომხმარებელთან უკუკავშირია. საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ინფორმაციის მოგროვება ხდება სოციალური ქსელების საშუალებითაც. ეს ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზდება და გადაეცემა შესაბამის განყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის.2016 წელს კომპანიამ გარემოს მართვის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 14000 მიიღო. მომპოვებელ და ჩამომსხმელ საწარმოებში უკვე დანერგილია და მუშაობს ნარჩენების მართვისა და სეპარირების პროგრამები.

„ბორჯომის“ ჭაბურღილები

„ბორჯომის“ საბადოს კვლევა 1927 წლიდან დაიწყო. 1927-დან 1982 წლამდე პერიოდში გაიბურღა სხვადასხვა (18,4-დან 1502 მეტრამდე) სიღრმის 57 ჭაბურღილი. კვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, საბადოს ცენტრალურ მონაკვეთზე, ორი მინერალური წყარო არსებობდა: ევგენისა და ეკატერინეს წყაროები. ეს წყაროები „ბორჯომის“ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი პირველად აღმოჩენილი. წყაროებს სახელი პოლკოვნიკ ევგენი გოლოვინისა და მისი, წყლით განკურნებული ქალიშვილის, ეკატერინეს პატივსაცემად ეწოდათ.
დღეს, ბორჯომის ველზე სამი საექსპლუატაციო მონაკვეთია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (სოფელ ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვან-ყვიბისის (სოფლების: ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ მონაკვეთზე განლაგებულია საექსპლუატაციო ჭაბურღილებიც. 2000 წლიდან სისტემატურად ტარდება საწარმოო ჭაბურღილების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა კომპლექსი, რომლის მიზანია ხარისხის მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შენარჩუნება.

„ბორჯომის“ საბადო

1957-1978 წლებში, ბურღვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბორჯომის საბადოს საზღვრები და საგრძნობლად გაიზარდა წყლის მარაგი, რამაც, საბჭოთა პერიოდში, შესაძლებელი გახადა წელიწადში 400 მილიონი ბოთლი „ბორჯომი“ ჩამოესხათ.

კავკასიაში ბევრი მინერალური წყალი მოიპოვება, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გააჩნია ისეთი შემადგენლობა, როგორიც „ბორჯომს“. XIX საუკუნიდან დაწყებული წყლის უნიკალურ თვისებებზე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო კვლევა გამოქვეყნდა. 170 წელზე მეტია, „ბორჯომის“ საბადო გეოლოგებისა და ქიმიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. მათი კვლევები ადასტურებენ მინერალური წყლის ტემპერატურის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების და მისი მინერალური შემადგენლობის უცვლელობას. დღეს „ბორჯომის“ შემადგენლობა ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მისი აღმოჩენის დროს. ამას ამტკიცებს, 1890 წლიდან დღემდე, რეგულარულად წარმოებული კვლევის შედეგები.

„ბორჯომის“ მინერალური წყლის კვლევის შედეგებიდან ვასკვნით, რომ იგი მიწის წიაღში მინერალიზებული, შედარებით ახალგაზრდა მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლებისგანაა ფორმირებული. ისმის კითხვა, როგორ იბადება წყალი მიწის წიაღში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გავიხსენოთ მიწისქვეშა წყლების წარმოშობის რამდენიმე თეორია.

მაგალითად, ანტიკურ ხანაში მოღვაწე რომაელი არქიტექტორი მარკ ვიტრუვი ამტკიცებდა, რომ მიწისქვეშა წყლები წარმოიქმნება იმ ატმოსფერული ნალექებისგან, როემლიც მთის ქანების გავლით აღწევენ მიწაში. უფრო გვიან, მსოფლიო ალაპარაკდა გერმანელი ინჟინერის ფოლგერის კონდენსაციის თეორიაზე, რომლის მხედვითაც მიწისქვეშა წყლები წარმოიქმნება ნიადაგში ატმოსფერული წყლის ორთქლის შესქელებით. ერთ-ერთი ბოლო, იუვენილური თეორია წამოყენებული იყო 1902 წელს ავსტრიელი გეოლოგის ე. ზიუსის მიერ, რომელმაც მთელი რიგი მტკიცებულებები მოიყვანა დედამიწის მაგმასთან ზოგიერთი მინერალური წყლის კავშირის შესახებ. მისი აზრით, გამდნარი მაგმიდან გამოყოფილი პროდუქტი გარემოში ხვდება უფრო დაბალი ტემპერატურით, კონდენსირდება და ქმნის იუვენილურ (ანუ პირველქმნილ) წყლებს, რომლებიც წყაროების სახით გადმოედინება მიწის ზედაპირზე. დღევანდელ დღეს იუვენილური თეორია სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. იუვენილური წყალი სუფთა სახით არ შეძლება მოხვდეს მიწის ზედაპირზე. ამოდის რა ზემოთ მთის ქანების ნაპრალებით, ხშირად ვულკანური წარმოშობის გაზების ზემოქმედებით შლის ამ ქანებს, მდიდრდება მარილებით და ირევა წყლისმატარებელ ჰორიზონტზე არსებულ სხვა მიწისქვეშა წყლებში, რომელთაც აქვთ განსხვავებული, ხშირად ინფილტრაციული წარმომავლობა.

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ წელს, საწარმოო წესით ჩამოსხმიდან, 130 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ბრენდი მომხმარებლის წინაშე ახალი, სადღესასწაულო შეფუთვით წარდგა. „ბორჯომის“ ლიმიტირებული სერია ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმის – “შენ გაქვს ხასიათი” საფუძველზე შეიქმნა.

„ბორჯომის“ სადღესასწაულო შეფუთვების სერია თანამედროვეა და მასში კვლავ რჩება მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი, ქართული მწვანე ფერი (Georgian Green) და ასევე – ბრენდის განუყოფელი სიმბოლო – ირემი. დიზაინში გათვალისწინებულია  მსოფლიო ტრენდები, ბრენდის ცნობადობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საიუბილეო თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ „ბორჯომს“ საკმაოდ ბევრი, ძლიერი კონკურენტი ყავს ის მაინც ინარჩუნებს პირველობას ბაზარზე.